ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „მოსმენების შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევრორეკომენდაციების შესრულებას.
როგორც დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, არ შეესაბამება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც წარმოდგენილია ევროკავშირის მიერ და ის მიღებულია ვიწრო, ინტერპარტიული ინტერესებით.
„ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:
„ქართული ოცნება“ არ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას - პროცესი, რომელიც მიმდინარეობს განსაკუთრებით საპარლამენტო ჩარჩოს გასააქტიურებლად, იმიტაციურია;
„ქართული ოცნება“ არაფრად აგდებს ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლობების რეკომენდაციებს;
ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის ყველაზე უფრო რეპრესიული სისტემის გამოხატულება საქართველოში, გულისხმობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული ინსტიტუციების რეკომენდაციები, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, მხოლოდ საზოგადოების მოტყუებაა და სწორედ ამას ასაბუთებს ვენეციის კომისია, რომ „მოსმენების შესახებ კანონპროექტი“ მიღებულია ნაჩქარევად, მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებაა, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, რაც არ იქნება, რადგან როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, ვეტოს დაძლევას აპირებენ. შესაბამისად, რეალურად 12 პუნქტის შესრულების უმნიშვნელოვანეს პროცესში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ყველაზე უფრო ნეგატიური როლი, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ისინი ანტიდასავლური კამპანიას აგრძელებენ, არ ითვალისწინებენ რეკომენდაციებს და ეს პროცესი, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათი ძალაუფლების განმტკიცებას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ გუშინ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო და პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თავისი გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.
ინფორმაციისთვის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.