2016 წლის ოქტომბერში პარიზში მყოფი კიმ კარდაშიანი დააყაჩაღეს. შეიარაღებული კაცები კიმის სასტუმროში შეიჭრნენ, ის შებოჭეს, თვალები აუხვიეს და $10 მილიონის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი დამნაშავე ციხიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს. 67 წლის იუნის აბასის თქმით, ჩადენილს არ ნანობს.
"მისი ძვირფასეულობა ინტერნეტში ვნახე. ვნახე მისი ბეჭედი. ვნახე, რომ ის ბეჭედს ყველგან გვიჩვენებდა. ჩვენ ინფორმაცია სოციალური ქსელებით გავიგეთ. ვიცოდით, რომ მოდის კვირეულზე ჩამოდიოდა", — განაცხადა მან.
კაცის თქმით, კარდაშიანის დაყაჩაღებას სხვებთან ერთად 2 წლის განმავლობაში გეგმავდა. აბასი მომხდარში კიმს ადანაშაულებს, რადგან თვლის, რომ კიმი ფულს ყრიდა, ყველას აჩვენებდა, როგორი მდიდარი იყო და ამით ხალხს იწვევდა.
"Keeping Up With the Kardashians-ის ეპიზოდში ვნახე, როგორ ისვრიდა ბრილიანტს აუზში. ვიფიქრე, რომ მას ბევრი ფული ჰქონდა, რომ არაფერი ადარდებდა... რადგანაც ფულს ყრიდა, მის ასაღებად მივედი. ვნანობ თუ არა? არ მადარდებს", — თქვა იუნისმა.
კიმ კარდაშიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მომხდარის გამო ტრავმირებული იყო. შეიარაღებული ადამიანების დანახვისას დარწმუნებული იყო, რომ გაუპატიურებასა და მოკვლას უპირებდნენ. კიმის თქმით, იმ დროს მისი და, კორტნი, მეგობრებთან ერთად იყო გასული. კიმი კი ყაჩაღობისას იმაზე ფიქრობდა, რომ სასტუმროში დაბრუნებული კორტნი კიმის გვამს იპოვიდა.
იუნისის თქმით, ყაჩაღობისას პოლიციის გამოძახება კიმ კარდაშიანის ასისტენტმა სცადა, თუმცა შეეშალა და საფრანგეთის პოლიციის გამოძახების ნაცვლად, 911-ზე დარეკა. ამან ყაჩაღებს სასტუმროს დასატოვებლად საკმარისი დრო მისცა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ ყაჩაღების პოვნა დნმ-ის კვალის წყალობით მაინც მოახერხა.
იუნისმა სხვა ვარსკვლავებს ურჩია, რომ სოციალურ ქსელებში საკუთარი სიმდიდრე არ ეჩვენებინათ, რადგან, მისი თქმით, "ზოგიერთი ადამიანისთვის ეს პროვოკაციულია".
რაც შეეხება კიმს, მომხდარის შემდეგ, მისი თქმით, ცხოვრების სტილში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა: ფოტოებს მხოლოდ მას შემდეგ დებს, რაც კონკრეტულ ადგილას აღარ იმყოფება; სახლში ძვირფასეულობას არ ინახავს და სოციალურ ქსელებში საკუთარ ცხოვრებაზე ინფორმაციას უფრო ფრთხილად აზიარებს.