ტანზანიის მთავრობაში იციან, რომ ადამიანთა უმეტესობა იმიტომ კი არ ადის კონტინენტის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, რომ აფრიკის დიდებულების მოწმე გახდეს, არამედ — ინსტაგრამ სთორებისთვის. ზუსტად ამის მხარდასაჭერად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მთაზე მაღალი სიჩქარის ინტერნეტი გაიყვანოს. უკვე ახლა ინტერნეტი ზღვის დონიდან 3800 მეტრზე იჭერს და, მთავრობის გეგმით, წლის ბოლოსთვის მათ სურთ უჰურუს მწვერვალიც (5879 მეტრი) დაფარონ.
"დღეს აფრიკის სახურავზე, მთა კილიმანჯაროზე მე მაღალი სიჩქარის ინტერნეტს ვიჭერ", — დატვიტა ნაპე ნაუემ, ტანზანიის ინფორმაციისა და კომუნიკაციის მინისტრმა. " დღეს ტურისტებს კილიმანჯაროს მთიდან მთელს მსოფლიოსთან შეუძლიათ კომუნიკაცია".
ინტერნეტის გაყვანა უსაფრთხოების ზომების ზრდასაც უკავშირდება. Guardian-ის მიხედვით, ყოველწლიურად მთაზე 35 000 ტურისტი ადის და ყველაზე გამოცდილი მთამსვლელიც კი შეიძლება, ხიფათს გადაეყაროს.
WaPo-ს მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია მთავრობის ამ გადაწყვეტილებაზე არ იყო ერთმნიშვნელოვანი. ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია — 2021 წელს მოგება ამ სფეროდან $1.4 მილიარდი იყო, ამიტომ ბევრმა ტანზანიელმა მოიწონა ეს ნაბიჯი. სხვები კი ფიქრობენ, რომ მთაზე გაყვანის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა, ინტერნეტი სოფლებში გაეყვანათ.
აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ნაწილობრივ ჩინეთმა დააფინანსა, რომელიც ბოლო წლებში ძალიან დიდ ინვესიტიციებს დებს აფრიკის ქვეყნებში.
აშკარაა, რომ მთავრობამ ეს ნაბიჯი ტურიზმის წახალისების მიზნით გააკეთა. მალე თუ ჩვენი მეგობარი ან ნაცნობი მიაღწევს აფრიკის უმაღლეს მწვერვალს, ამის შესახებ ჩვენ, შეიძლება, ლაივში გავიგოთ.