House of the Dragon-ის პირველი სერიის პრემიერა უკვე შედგა, რომელსაც გამოსვლისთანავე HBO-ზე 9,99 მილიონმა ადამიანმა უყურა. HBO-ს განცხადებით, House of the Dragon-ის პრემიერამ ნახვების რაოდენობით რეკორდი დაამყარა, რაც ტელევიზიასა და HBO-ს სხვა პლატფორმებსაც მოიცავს, რომლებზეც სერიალის ნახვა შესაძლებელია.
რა თქმა უნდა, House of the Dragon-ის ასეთი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სერიალს სამეფო კარის თამაშების ერთგული მაყურებლები დიდი ინტერესით ელოდნენ. House of the Dragon-ში მიმდინარე მოვლენები სამეფო კარის თამაშებში ასახულ ისტორიამდე 200 წლით ადრე მოხდა. ამ დამაინტრიგებელ სატელევიზიო შოუს კვლავ ჯ.რ.რ. მარტინის წიგნების სერიის Fire And Blood-ის (ცეცხლი და სისხლი) მიხედვით იღებდნენ.
თავად სამეფო კარის თამაშები, რომლის პრემიერაც 2011 წელს შედგა, გამოსვლიდან მალევე 4,2 მილიონმა ადამიანმა ნახა. House of the Dragon-თან შედარებით ეს რაოდენობა საკმაოდ დაბალი ჩანს, თუმცა სამეფო კარის თამაშებს სხვა რეკორდები აქვს დამყარებული. კერძოდ, სერიალის ფინალური სეზონი 17,9 მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც HBO-ს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
"სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ სამეფო კარის თამაშების მილიონობით მაყურებელი გუშინ ჩვენთან ერთად ისევ ვესტეროსში დაბრუნდა. House of the Dragon-ში უამრავ ნიჭიერ მსახიობს იხილავთ, რომლებმაც გადაღებების პროცესში თავდაუზოგავად იმუშავეს. ჩვენ კი მაყურებლების დადებითი გამოხმაურებით აღფრთოვანებულები ვართ", — განაცხადა HBO-ს წარმომადგენელმა.