ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა ზემასიური შავი ხვრელის ფოტონთა რგოლი გამოავლინეს

ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა ზემასიური შავი ხვრელის ფოტონთა რგოლი გამოავლინეს

2019 წელს მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის მეშვეობით ასტრონომებმა გალაქტიკა m87-ის ცენტრში მდებარე, იმავე სახელწოდების მქონე ზემასიური შავი ხვრელის ფოტო გადაიღეს, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტი იყო. სურათზე ბუნდოვანი კაშკაშა რგოლია აღბეჭდილი და მასზე დეტალების გარჩევა ძნელია, თუმცა თავად მონაცემები ძალზე ღირებულია.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ შავ ხვრელებს სინათლეც კი ვერ აღწევს თავს, ანუ ეს იდუმალი ობიექტები მსგავსი სხივებს არ გამოყოფს. სამაგიეროდ, გამოსახულებაზე "რადიოსინათლე" ჩანს, რომელიც m87*-თან მიახლოებისას, გამრუდებული სივრცის გამო, მიმართულებას იცვლის.

რაც უფრო ახლოსაა ის შავ ხვრელთან, მით უფრო რადიკალურია ცვლილება, ამიტომ ამ ობიექტების მიმდებარედ სხივები ძალიან ქაოსურად მოძრაობს. ჩვენ დედამიწის პერსპექტივიდან მხოლოდ აქეთ მომართულ სინათლეს ვხედავთ, რომელსაც წესით წვრილი რგოლის სახე უნდა ჰქონდეს. მისი ზომა შავი ხვრელის მასაზეა დამოკიდებული, კაშკაშა რეგიონების განაწილება კი — ბრუნვაზე.

მას ფოტონთა რგოლი/სფერო ეწოდება. მიზეზი, რის გამოც თავდაპირველ სურათზე ის აღბეჭდილი არ გახლავთ, ჩვენ შორის არსებული სივრცეა, რომელიც ცარიელი არაა. გზად შემხვედრ ცივ აირში გავლისას სინათლე იფანტება, რაც სურათს ბუნდოვანს ხდის. ამის მიუხედავად, ასტრონომებმა აღნიშნულ მონაცემებში მეორე კადრიც გამოავლინეს, რომელიც ზუსტად იმას ასახავს, რაც საჭიროა.

ესაა ფოტონთა რგოლი, რომელიც მეცნიერებმა გარემომცველი რეგიონის სიკაშკაშისგან გამოაცალკევეს, რისთვისაც სურათის დასამუშავებელი თანამედროვე ალგორითმები გამოიყენეს. უკანასკნელი მიღწევა გვიჩვენებს, რომ ინფორმაციის ახლებური ანალიზით მნიშვნელოვანი, დაფარული დეტალების შესწავლა შეგვიძლია.