ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან — ნიკი მინაჟმა ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი გათათხა

ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან — ნიკი მინაჟმა ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი გათათხა

ამერიკელმა რეპერმა ნიკი მინაჟმა გადაწყვიტა, პოპის პრინცესისთვის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოაცხადებინა და ამჯერად ყოფილი ქმრის ბრალდებებისგან დაეცვა.

მინაჟმა აღნიშნა, რომ სულ ახლახან ბრიტნის თავად ესაუბრა და მის ყოფილ ქმართან, კევინ ფედერლაინთან, დაკავშირებული ბოლოდროინდელი ამბებიც განიხილა.

ფედერლაინმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი და ბრიტნის საერთო შვილები, შონი და ჯეიდენი, დედას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოების გამო არ ნახულობენ.

"ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ იგი არ ნახონ", — აღნიშნა კევინმა, — "რამდენიმე თვეა, რაც არ უნახავთ. არც მის ქორწილში მისვლა მოისურვეს".

ფედერლაინმა დასძინა, რომ სპირსის ატვირთული ფოტოები "გამაღიზიანებელია" და მას "წარმოდგენაც კი უჭირს, რას გრძნობენ თინეიჯერები, როცა სკოლაში მიდიან"

კევინის განცხადებებს მაშინვე გამოეხმაურა ბრიტნიც და მისი ქმარიც, სემ ასგარი. ასგარიმ ისიც აღნიშნა, რომ მომღერლის შვილებზე საჯაროდ საუბარი მიუღებელია. ამჯერად კი, წყვილს მხარი ნიკი მინაჟმაც დაუჭირა.

"ბრიტნის ცოტა ხნის წინ ველაპარაკე, ძალიან, ძალიან გულთბილი იყო", — აღნიშნა ნიკიმ, — "მე ის ძალიან მიყვარს".

ამის შემდეგ მინაჟმა კევინს "კლოუნი" უწოდა, რადგან მაშინვე მედიას მიაშურა, "როგორც კი ბრიტნი ბედნიერი დაიგულა".

"იაზრებ, რამხელა კლოუნი უნდა იყო ზრდასრული კაცი, რომ როგორც კი ვიღაცას ბედნიერს, დაქორწინებულს, თავისუფალს და თავდაჯერებულს დაიგულებ, ეგრევე მისთვის ტკივილის მიყენება სცადო?", — ამბობს ნიკი, — "მხოლოდ ლაჩრები იყენებენ მედიას იმ ცნობილი ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ოდესღაც უყვარდათ და რომელთანაც შვილები ჰყავთ".

რეპერმა კევინი ასევე დაადანაშაულა ბრიტნის ცნობადობით სარგებლობაში და მისი მიზნების განსახორციელებლად ბავშვების გამოყენებაში.

"გგონია, ეს ნორმალურია? გგონია, ყველას შეეცოდები?", — ეკითხება ნიკი ფედერლაინს საჯაროდ, — "როგორც კი დაინახავთ, რომ სხვები მოძლიერდნენ, კარგად და ბედნიერად არიან, მაგრამ თქვენ გვერდით აღარ, ეგრევე ინტერვიუს მისაცემად გარბიხართ".

მინაჟმა დასასრულს დაამატა, რომ ბრიტნის შვილები "სიცოცხლეზე მეტადაც კი უყვარს" და, მისი აზრით, კევინმა მომღერალს საბოლოოდ უნდა დაანებოს თავი.