დედამიწაზე არსებული წყალი, რომელმაც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის განვითარებას შეუწყო ხელი, შესაძლოა, აქ მზის სისტემის შორეული რეგიონიდან ასტეროიდების მეშვეობით მოხვედრილიყო. ამას მეცნიერები იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) მისიის Hayabusa-2 ფარგლებში ასტეროიდ რიუგუდან მოპოვებული ნიმუშების ანალიზის შედეგად ასკვნიან.
აპარატმა ზემოხსენებული ობიექტიდან 5.4 გრამი გეოლოგიური მასალა მოიპოვა, რომელიც დედამიწაზე 2020 წლის დეკემბერში ჩამოიტანა. მისიის მიზანი მზის სისტემის ფორმირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება იყო, რისთვისაც რიუგუ მშვენიერი კანდიდატია, რადგან სწორად აქ წარმოიქმნა. ამ მხრივ ის ერთგვარ "დროის კაფსულად" შეგვიძლია მივიჩნიოთ.
აქამდე ნიმუშებში სიცოცხლის წარმოსაქმნელად საჭირო ამინომჟავებს, ანუ ორგანულ მატერიას მიაკვლიეს, ახალმა მიგნებამ კი განამტკიცა ვარაუდი, რომ დედამიწაზე წყლის პირველადი წყარო სწორედ ასტეროიდები იყო.
"აქროლადი და ორგანული ნაერთებით მდიდარი C ტიპის ასტეროიდები შესაძლოა, დედამიწაზე არსებული წყლის ერთ-ერთი მთავარი წყარო ყოფილიყო. აქროლადი ნივთიერებების აქ მოხვედრა ჯერ კიდევ სადავო საკითხია", — აცხადებენ ავტორები.
ისინი ამბობენ, რომ ასეთი მატერია რიუგუს ნაწილაკებში მრავლადაა და არაა გამორიცხული, რომ მათი წარმოშობა მზის სისტემის შორეულ არეალს უკავშირდებოდეს. მეცნიერები აღნიშნავენ იმასაც, რომ ადრეულ დედამიწაზე აქროლადი ნაერთები მხოლოდ ამ გზით, სავარაუდოდ, ვერ აღმოჩნდებოდა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც Hayabusa-2-ის კოსმოსურმა ზონდმა დედამიწაზე გეოლოგიური მასალის შემცველი კაფსულა ჩამოუშვა, სხვა, შედარებით მცირე ზომის ობიექტის შესასწავლად გაემართა, რომლამდეც, გეგმის მიხედვით, 2031 წელს მიაღწევს.