მიხეილ სარჯველაძემ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება შეაფასა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის სიტყვები შენობების აღების შესახებ „თავქარიანი“ განცხადებაა.
„ცეცხლს ეთამაშებიან, პირდაპირ რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად შეიძლება არ სიამოვნებდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - ის, რასაც სთავაზობენ ამ კატეგორიის ოპოზიციონერები საზოგადოებას. სინამდვილეში ეს არის დესტრუქცია, ეს არის არეულობა, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - რომელიღაც კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს შეექმნას უპირატესობა. რაც შეეხება ამ ტიპის თავქარიან განცხადებებს, ვფიქრობ, არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, რომ მოსახლეობამ ეს გაიზიაროს და მეორე მხრივ, განხორციელების არავითარი რესურსი არ აქვთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას.