ძაღლები ხშირად გვევლინებიან ჩვენი და ჩვენი სახლის დამცველის როლში, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მათ პოლიციაში უხდებათ დარეკვა. არ გჯერათ? აი, მინესოტის შტატში, ლეიქვილის დასახლების პოლიციის განყოფილებაშიც უჭირდათ ამის დაჯერება, როცა მათთან ზარი ორმა ცუგამ განახორციელა. თანაც, ძაღლებმა 911-ზე ნახევარი საათის განმავლობაში 16-ჯერ დარეკეს.
911-ს მუშაობის ამგვარი პრინციპი აქვს: თუკი ადამიანი, ვინც პოლიციაში დარეკა, ხმას არ იღებს, მას თავიდან ურეკავენ. თუ იგი არც მაშინ პასუხობს, ადგილზე ოფიცრებს გზავნიან. თუმცა, ამჯერად, როცა ტელეფონი აფეთქდა და იქიდან ყეფის მეტი არაფერი ისმოდა, ორმა პოლიციელმა მაინც გადაწყვიტა, ადგილზე მისულიყო და დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი რიგზეა.
მხოლოდ ტელეფონით მისამართის გაგება არც ისეთი მარტივია, როგორიც ფილმებში ჩანს, ამიტომ პოლიციელებს დრო დასჭირდათ.
"სანამ ადგილზე მივიდოდით, კიდევ სამჯერ მოასწრეს დარეკვა", — იხსენებს ოფიცერი მიშელ რობერტსი, — "ტელეფონის მეორე მხარეს ადამიანის ხმა საერთოდ არ ისმოდა, მხოლოდ ძაღლები ყეფდნენ შორს".
როცა გამოძახების ადგილზე მივიდნენ, პოლიციელებს კიდევ უფრო სასაცილო სიტუაცია დახვდათ. ეგონათ, რომ სახლში არავინ იქნებოდა, მაგრამ კარი სწორედაც რომ ბინის პატრონმა გაუღო. ოფიცრებმა მას სთხოვეს, შინ შესულიყვნენ და ადგილი შეემოწმებინათ. სახლში კი მათ სწორედ ზარის ავტორები — რემი და ბომბერი — მიეგებნენ.
თუმცა... მიგებება ამას ალბათ არ ეთქმის. მართალია, პოლიციელების სტუმრობა მათი ბრალი იყო, მაგრამ უცხო ადამიანები ცუგებმა ვერ იცნეს და ყეფა ატეხეს. მერე კი, როგორც ძაღლებს სჩვევიათ, დაწყნარდნენ და მოფერებაც კი ითხოვეს.
სახლის პატრონს კი არაფრით ეჯერა, რომ მისმა ძაღლებმა 911-ში დარეკეს, სანამ პოლიციელებმა აუდიოჩანაწერებში ყეფის ხმა არ მოასმენინეს.
როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ოთახში, მაგიდაზე, სახლის ძველი ტელეფონი იდგა. მისი საშუალებით მხოლოდ გადაუდებელი ზარების განხორციელება იყო შესაძლებელი და ცუგებმაც ასე მოახერხეს, პოლიციაში დაერეკათ.
თუმცა, ოფიცრები ამჯერად სულაც არ განაწყენებულან, ტყუილად რომ გამოიძახეს. მეტიც, კმაყოფილები დარჩნენ, რომ ადგილზე უსიამოვნო არაფერი დახვდათ. მართალია, ცრუ შეტყობინებისთვის შტატის კანონმდებლობა სასჯელსაც ითვალისწინებს, მაგრამ რემი და ბომბერი მას ადვილად გადაურჩნენ.
ახლა კი ალბათ უკვე კარგი გაკვეთილიც ისწავლეს — ცუგებმაც და მათმა პატრონმაც, რომ სამომავლოდ თვალი არ მოაშოროს ონავარ ოთხფეხა მეგობრებს.