პიტ დევიდსონი და კიმ კარდაშიანი 9-თვიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კიმის ყოფილი ქმარი, კანიე ვესტი პიტ დევიდსონის შესახებ დამამცირებელ პოსტებს ხშირად აქვეყნებდა. როგორც აღმოჩნდა, დევიდსონისთვის ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო და მუდმივი ბულინგის გამო ტრავმასთან გასამკლავებლად თერაპიაც კი დასჭირდა.
People-ს ინფორმაციით, დევიდსონი დიდი ხნის განმავლობაში სოციალურ მედიაში არც კი ჩნდებოდა, რადგან კანიე ვესტის მხრიდან თავდასხმები არ წყდებოდა. პიტისთვის კი ნეგატიური კომენტარებისა და დამამცირებელი პოსტების ნახვა ძალიან რთული იყო.
შეგახსენებთ, რომ კიმისა და პიტის დაშორებაზე პასუხად კანიე ვესტმა ინსტაგრამზე New York Times-ის მთავარი გვერდი ფოტოშოპით შეცვალა და ფოტო დადო, რომელზეც ეწერა, რომ "SKETE დევიდსონი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა". პიტ დევიდსონი მართლაც 28 წლის არის, ხოლო მომღერლის სახელის გადათამაშებით მიღებული სიტყვა SKETE ჟარგონია, რომელსაც დამამცირებელ კონტექსტში იყენებენ.
კანიე ვესტმა პიტ დევიდსონი ოჯახის დანგრევაში არაერთხელ დაადანაშაულა. რამდენიმე თვის წინ კანიემ ძალადობრივი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელშიც პიტ დევიდსონის "მოკვეთილი თავია" ნაჩვენები, რის გამოც ინსტაგრამი დაუბლოკეს. გარდა ამისა, კანიემ სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ სადაც პიტს დაინახავდნენ, მისთვის ეყვირათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმასთან გასამკლავებელი თერაპია პიტ დევიდსონისა და კიმ კარდაშიანის დაშორებას არ უკავშირდება და მთავარი მიზეზი კანიეს უხეში ქცევებია. ასევე, დაშორების შემდეგ პიტ დევიდსონსა და კიმ კარდაშიანის საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ და მათივე თქმით, ერთმანეთის მხარდაჭერას განაგრძობენ.