ცნობილ დანიელ რეჟისორს ლარს ფონ ტრიერს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია ამის შესახებ ფონ ტრიერის კინოკომპანია Zentropa-მ გაავრცელა. კომპანია აცხადებს, რომ რეჟისორი "შემართებითაა და სიმპტომებს მკურნალობს". ამასთან, ფონ ტრიერი ასრულებს მუშაობას თავის ამჟამინდელ პროექტზე — ცნობილი სერიალის მესამე და ფინალურ სეზონზე, The Kingdom Exodus.
თუმცა, Zentropa-ის განცხადებით, 66 წლის რეჟისორი სერიალის პრემიერის შემდეგ პრესასთან შეზღუდული რაოდენობის შეხვედრას გამართავს. როგორც ცნობილია, The Kingdom Exodus-ის პირველი ჩვენება ვენეციის კინოფესტივალზეა დაგეგმილი.
The Kingdom Exodus ფონ ტრიერის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალია, რომელიც მაყურებელმა პირველად 1994 წელს იხილა დანიურ ტელეარხზე. მისი სიუჟეტი კოპენჰაგენის საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების თანამშრომლებისა და პაციენტების გარშემო ვითარდება.
ლარს ფონ ტრიერი კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ფიგურაცაა. პრესტიჟული პრემიების მიღების მიუხედავად, რეჟისორი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ მისი განცხადებებისა და ქმედებების გამო. 2011 წელს კანის კინოფესტივალმა მას ღონისძიებაზე დასწრებაც კი აუკრძალა, მას შემდეგ, რაც პრესკონფერენციაზე ფონ ტრიერმა საკუთარი თავი "ნაცისტად" მოიხსენია და განაცხადა, რომ "ჰიტლერის ესმის".
ასევე, რეჟისორი 2017 წელს სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა ისლანდიელმა მომღერალმა ბიორკმა.