პოპვარსკვლავი დუა ლიპა კოსოვოს საპატიო ელჩად დასახელდა. ინფორმაცია ამის შესახებ კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ გაავრცელა.
გრემის სამგზის ლაურეატი დუა ლიპა, რომელიც ყოფილი იუგოსლავიიდან ლონდონში ჩასული მიგრანტების ოჯახში დაიბადა, მოზარდობისას მცირე ხნით ცხოვრობდა კიდეც სამშობლოში — მას შემდეგ, რაც კოსოვომ 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იგი ოჯახთან ერთად დაბრუნდა პრიშტინაში.
"პატივია, ვიყო ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი მთელ მსოფლიოში და გავაგრძელო მუშაობა ყველასთვის იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ცვლილების მონაწილენი ვართ და საკუთარ კვალს ვტოვებთ", — აღნიშნავს მომღერალი, — "კოსოვოელი ახალგაზრდები ვიზალიბერალიზაციის, თავისუფლად მოგზაურობისა და ამბიციური ოცნებების უფლებას იმსახურებენ".
პრეზიდენტი ოსმანი კი ამბობს, რომ დუა ლიპა მათი "ქვეყნის მხარდაჭერას ყოველი ნაბიჯითა და გამოსვლით" აგრძელებს.
"კოსოვოს რესპუბლიკის მოქალაქეების სახელით მე მას მადლობა გადავუხადე იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთა და კვლავ აკეთებს, რათა ჩვენი ხმა მსოფლიოში გაიგონ", — წერს ოსმანი.
მან ასევე ხაზი გაუსვა მომღერლის მამის, დუკაჯინ ლიპას, წვლილს, რომელმაც შვილთან ერთად პრიშტინაში ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი დააფუძნა. ამავე ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი ასევე არის კოსოვოს მოქალაქეებისთვის უვიზო გადაადგილების მოთხოვნა.