ამერიკელი მსახიობი ქრისტინა რიჩი ტელეწამყვან ენდი კოენთან საუბარში იხსენებს, რომ პირველად ჯონი დეპისგან გაიგო, რას ნიშნავს იყო გეი. ოქროს გლობუსის ნომინანტი რიჩი, რომელიც კინომოყვარულებმა The Addams Family-ში შესრულებული როლით გაიცნეს, ჰყვება, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გადასაღებ მოედანზე გარშემომყოფებმა მის შეკითხვას თავი აარიდეს.
"9 წლის ვიყავი, ჯონი დეპისგან რომ გავიგე, რას ნიშნავს ჰომოსექსუალობა", — აღნიშნავს ქრისტინა, — "გადასაღებ მოედანზე რაღაც ხდებოდა, ვიღაც ვიღაცას ეუხეშა და თქვეს, შეიძლება ჰომოფობიაო. ვიკითხე, ეგ რას ნიშნავს-მეთქი. უინონა რაიდერთან ერთად ვიყავი და იმან მითხრა, არ ვიცი, როგორ აგიხსნაო... ასე რომ, ჯონისთან დამარეკინა, რომელმაც ყველაფერი გამაგებინა".
რიჩი და რაიდერი ერთად მუშაობდნენ 1990 წელს გამოსულ ფილმზე Mermaids, სადაც ასევე მონაწილეობდა მომღერალი შერი. როგორც ცნობილია, მაშინ რაიდერსა და დეპს ურთიერთობა ჰქონდათ.
ქრისტინა იხსენებს, რომ დეპმა მის დასმულ შეკითხვაზე პასუხი მშრალად, მაგრამ მარტივად და გასაგებად გასცა.
"საოცარია, უინონამ რომ ჯონი დეპთან დაგარეკინა პასუხის მისაღებად და სხვა გზა ვერ მონახა; იმას ვგულისხმობ, თქვენთან ერთად რომ შერი იყო", — იხუმრა კოენმა, რაზეც რიჩიც დაეთანხმა, პირდაპირ მასთან უნდა მივსულიყავითო.
კოენის ხუმრობამ კი ალბათ იმ ფაქტზე გაუსვა ხაზი, რომ ლეგენდარულ შერს ხშირად მოიხსენებენ "გეი სიმბოლოდ", რადგან მომღერალი ლგბტქ უფლებების აქტიური მხარდამჭერია.