მეცნიერები გალაქტიკების გარშემო 12 მილიარდი წლის წინ არსებულ ბნელ მატერიას დააკვირდნენ. ეს ყველაზე ადრეული პერიოდია, რომელშიც კი ეს იდუმალი მატერია დაუფიქსირებიათ.
ბნელი მატერია უხილავი ნივთიერებაა, რომელიც სამყაროში არსებული მთელი მატერიის უმეტესობას შეადგენს. მეცნიერების მიერ შემჩნეული ეს კომპონენტი დიდი აფეთქებიდან 2 მილიარდი წლის შემდგომი პერიოდით თარიღდება. მათი ნაშრომი ჟურნალში Physical Review Letters გამოქვეყნდა ორშაბათს.
"ისტორიაში პირველად, სამყაროს თითქმის ყველაზე ადრეულ მომენტებში არსებულ ბნელ მატერიას ვაფასებთ", — განაცხადა იუიჩი ჰარიკანემ, კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა და ტოკიოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა — "12 მილიარდი წლის წინ რაღაცები ძალიან სხვანაირად იყო. ჩამოყალიბების პროცესში იმაზე მეტი გალაქტიკა იყო, ვიდრე აწმყოში; ფორმირებას იწყებს გალაქტიკათა პირველი კლასტერებიც".
მიუხედავად იმისა, რომ ბნელი მატერია სამყაროს დაახლოებით 27%-ს შეადგენს, ასტრონომები მას პირდაპირ ვერ აფიქსირებენ, ნაწილობრივ იმის გამო, რომ იგი სინათლეს არ ასხივებს. ამის სანაცვლოდ, მკვლევრებს შეუძლიათ, იმ გრავიტაციულ გავლენას დააკვირდნენ, რომელიც ბნელ მატერიას ხილვად მატერიაზე (თუნდაც გალაქტიკებზე) აქვს.
მეცნიერებმა ტექნიკა, სახელად გრავიტაციული ლინზირება, გამოიყენეს, რათა სამყაროს პირველი სინათლის გამრუდებები შეეფასებინათ. კოსმოსური მიკროტალღური ფონი (CMB) დიდი აფეთქებისაგან შემორჩენილი გამოსხივებაა, რომელიც მთელს კოსმოსშია გავრცელებული. კვლევის ავტორებმა 1.5 მილიონი გალაქტიკა შეარჩიეს, რათა მათ ერთობას გრავიტაციული ლინზის როლი შეესრულებინა, შემდეგ კი ამ უძველესი ნარჩენი ნათების გამრუდება შეისწავლეს. ამ გზით მათ გალაქტიკებში ბნელი მატერიის განლაგების რეკონსტრუქცია შეძლეს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადრეული სამყაროს ბნელი მატერია შესაძლოა, ისეთი შეკრული სულაც არ იყოს, როგორსაც ფიზიკის ამჟამინდელი მოდელები გვთავაზობს.
"ჩვენი მიგნება კვლავაც ბუნდოვანია", — განაცხადა ჰირონაო მიატაკემ, კვლევის თანაავტორმა და ნაგოიას უნივერსიტეტის კოსმოლოგმა — "თუმცა, თუ მართალია, შეიძლება მიანიშნებდეს, რომ მთლიან მოდელში გარკვეული ხარვეზებია, რაც უფრო უკან წავალთ დროში".
მეცნიერის თქმით, მოვლენა ამაღელვებელია, რადგან, თუკი იგი უზუსტობების შემცირების შემდეგაც ძალაში დარჩება, შესაძლოა, ამან მოდელის გაუმჯობესებამდე მიგვიყვანოს, რაც თავად ბნელი მატერიის ბუნების შესახებაც მოგვაწვდის დამატებით ინფორმაციას.