ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო ასპარეზზე. მათ 2021-2022 აკადემიური წელს საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებზე მონაწილეობისას მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს. გამარჯვებული გუნდების შერჩევისა და დაკომპლექტების პროცეს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერათაშორისო სამართლის ინსტიტუტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი კონკურსის საფუძველზე უძღვებოდა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური შედეგების პრეზენტაციისას გაიმართა.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ირმა ხარშილაძე, თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ირინა ქურდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის აღმშენებლობის სკოლის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, აკადემიური წრის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა წარმატება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს და აღნიშნა: „თსუ საერთაშორისო სამართლის სკოლამ ერთგვარი ანგარიში წარმოგვიდგინა. მართლაც, ძალიან კარგი შედეგი აქვს სკოლას წელს, რასაც საერთაშორისო დონეზე მათი აღიარება მოწმობს. დაჯილდოვდნენ გამარჯვებული სტუდენტები. ბევრი პუბლიკაცია მომზადდა და დაიბეჭდა გამორჩეულ გამომცემლობებში მსოფლიოს მასშტაბით და ეს არის, რა თქმა უნდა, გაზრდა ინსტიტუტის, ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ხილვადობის,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
უნივერსიტეტთან მჭიდრო და წარმატებულ ურთიერთობაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ. „მუდმივად ვართ კომუნიკაციაში საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან და ყველა იმ სტუდენტთან, რომელიც დაინტერესებულია თავისი მომავალი პროფესია და საქმიანობა დაუკავშიროს საერთაშორისო ურთიერთობებს. ბუნებრივია საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს მათ, რომ განავითარონ თავიანთი ცოდნა და მოახმარონ შემდგომ უკვე პრაქტიკულ გამოცდილებას. მსგავსი კონკურსები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა მინდა ვუთხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს, რომ ისინი ყოველთვის არიან ძალიან აქტიურად ჩართული და ძალისხმევას არ იშურებენ, იმისთვის რომ სტუდენტებს მეტი განვითარების შესაძლებლობა მისცენ“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ. მან ასევე აღნიშნა და დააფასა სტუდენტების მოტივაცია და ძალისხმევა, რომ მსგავს კონკურსებში მონაწილეობენ, რათა აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები და გაიმარჯვონ.
თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ირინე ქურდაძის შეფასებით, 2021-2022 აკადემიურ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებზე მონაწილეობისას.
„ძალიან გვეამაყება ჩვენი სტუდენტების არნახული მიღწევები საერთაშორისო სამართლებრივ შეჯიბრებებში. ამავდროულად, აღსანიშნია ის მიღწევები, რომელიც გააჩნია ჩვენს აკადემიურ პერსონალს კვლევითი მიმართულებით; ასევე, იმ მიმართულებებით, რომელიც ხელს უწყობს სწავლა-სწავლებას საქართველოში, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გვეამაყება, რომ ჩვენ ვახორციელებთ არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ორი: რუსთაველის ფონდის პროექტი, რომელიც მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო სამართლებრივ ჭრილში შესწავლას და მეორე - ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მეტად გავრცელებას ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჟან მონეს პროექტის ქოლგის ქვეშ.“- აღნიშნა ირინა ქურდაძემ.
ღონისძიებაზე ნიურნბერგის საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესსა და ფილიპ ს. ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო ჩემპიონატში წარმატებული მონაწილეობისა და თსუ იურდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის წარმოჩენისათვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები დაჯილდოვდნენ. „ჯესაპის იმიტირებული საერთაშორისო პროცესში მონაწილეობა იყო უდიდესი გამოცდილება. მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და ინგლისურ ენაზე მონაწილეობის მიღება საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვან და ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში. ძალიან საინტერესო იყო, როგორც პროფესიული, ასევე ადამიანური თვალსაზრისით, იმიტომ, რომ შევიძინეთ ბევრი მეგობარი,“ -განაცხადა თსუ საერთაშორისო სამართლის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა ანა მუხაშვილმა.
ღონისძიებაზე მადლობის სიგელები საერთაშორისო სამართლის გუნდების წარმატებული მომზადებისა და ინსტიტუტის აქტიური მხარდაჭერისათვის გადაეცათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს.