NASA-მ მთვარეზე ხვრელები აღმოჩინა, სადაც ყოველთვის კომფორტული ტემპერატურაა

NASA-მ მთვარეზე ხვრელები აღმოჩინა, სადაც ყოველთვის კომფორტული ტემპერატურაა

NASA-ს მიერ დაფინანსებულმა მკვლევართა ჯგუფმა მთვარის ზედაპირზე იდუმალი "ღრმულები" აღმოაჩინა, რომლებშიც, ახალი კომპიუტერული მოდელირების მიხედვით, ტემპერატურა დაახლოებით 17 გრადუსი ცელსიუსია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ხვრელები შეიძლება იყოს შესანიშნავი ადგილი ასტრონავტებისთვის. ეს იმის გათვალისწინებით, რომ მთვარეზე ტემპერატურა 120 გრადუსიდან მინუს 130 გრადუსამდე მერყეობს. ხსენებულ ხვრელებში კი ტემპერატურა სტაბილურია. ხვრელები ასევე შესანიშნავი დამცავი იქნება მიკრომეტეორიტების წვიმისა და მზის დაუნდობელი რადიაციისგან.

ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ ხვრელებს მივყავდეთ უფრო ვრცელი გამოქვაბულის სტრუქტურებამდე, რომელიც დატოვა უძველესი ლავის ნაკადებმა. ამას მეცნიერები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეჭვობდნენ, მაგრამ ვერ ადასტურებდნენ.

"200-ზე მეტი ორმოდან დაახლოებით 16 ლავისგანაა დარჩენილი", — თქვა ტაილერ ჰორვატმა, კვლევის ავტორმა და პლანეტარული მეცნიერების დოქტორანტმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

ჰორვატმა და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს NASA-ს მთვარის შემსწავლელი ორბიტერის (LRO) მიერ შეგროვებული მონაცემები.

"მთვარის ზედაპირზე გაჩენილი ხვრელები ძალიან საინტრესოა. იმის ცოდნა, რომ ისინი ქმნიან სტაბილურ თერმულ გარემოს, უმნიშვნელოვანესია თანამგზავრის ათვისებისთვის", — თქვა LRO-ს მეცნიერმა ნოა პეტრომ განცხადებაში.

თუ ეს ყველაფერი გამართლდება, გამოქვაბულები შეიძლება იყოს შესანიშნავი თავშესაფარი მომავალი კოლონისტებისთვის.

მკვლევრები უკვე ეძებენ გზებს მთვარის ზედაპირზე ლავისგან წარმოქმნილი მილების შესწავლისთვის. სავარაუდოდ, ამისთვის იდეალური რობოტებისა და დრონების გამოყენება იქნება.

ევროპის კოსმოსური სააგენტო ასევე იკვლევს გზებს, რათა აღმოაჩინოს მთვარის მიწისქვეშა საიდუმლოებები, დისტანციურად მართული მანქანების გაგზავნიდან ეკიპაჟის მისიებით დამთავრებული. სწორედ ასეთი შეიძლება იყოს ერთ დღეს მთვარის დასახლება.

"ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ და ჩვენ შესაძლოა გამოქვაბულებში დავბრუნდეთ, როდესაც მთვარეზე გადავალთ", — თქვა კვლევის თანაავტორმა დევიდ პეიჯმა განცხადებაში.