საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, ელენე ხოშტარია მალავს ყველაფერს რაც მისი ოჯახისთვის რუსეთიდან თანხების ჩარიცხვასთან არის დაკავშირებული.
მისი თქმით, ერთადერთი ადვოკატი, ვინც ხოშტარიას გამოჩნდა, მის მიერვე დაარსებული ორგანიზაციაა.
„რას აკეთებდა ამ თანხის სანაცვლოდ, აქ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. თუნდაც გავრილოვის საღამოს თემა გავიხსენოთ. მალავს ყველაფერს, რაც ამ თანხების ჩარიცხვასთან არის დაკავშირებული. ერთადერთი ადვოკატი ვინც გამოჩნდა, არის მის მიერვე დაარსებული ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ეს კითხვებს წარმოშობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
Fact Check-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დადასტურდა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხოშტარიების ოჯახი რუსეთიდან სოლიდურ თანხებს ნამდვილად იღებს.
16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია იმავე დღეს დაადასტურა.
5 ივლისს „ქრონიკამ“ მორიგი ექსკლუზივი გაავრცელა - რუსეთიდან მიღებული შემოსავლების ნაწილით ელენე ხოშტარიას ოჯახმა სოფელ ორბეთში მიწის ნაკვეთი იყიდა.