თუ პრეზიდენტის მიერ მოწვეული სხდომის საბოტაჟი მოხდება, როგორც ეს ერთხელ უკვე ვნახეთ, როცა ჩაკეტეს პლენარული სხდომის დარბაზი, ეს იქნება საბოტაჟი არა საპარლამენტო სხდომის და სესიის, არამედ - ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობა შეეცდება მათი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაბლოკოს.
„ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა მოიწვია რიგგარეშე სესია, ჩვენ მოვითხოვეთ სესიის ჩატარება და არა სხდომის. სესიას აქვს კონკრეტული დღის წესრიგი, მოიცავს საკომიტეტო მუშაობას, სხდომებს და დასრულდება მაშინ, როცა ამოიწურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მისი ეს ნაბიჯი მისასალმებელია და ხელს უწყობს პოლარიზების დასრულებას. თანამშრომლობის პლატფორმა პარტიებს შორის, არის პარლამენტი. ახლა მთავარია "ქართულ ოცნებას" ეყოს პოლიტიკური ნება და ლიდერებს გამბედაობა იმის, რომ მოვიდნენ სხდომაზე და საბოტაჟირება არ მოაწყონ. თუ მოხდება პრეზიდენტის მიერ მოწვეული სხდომის საბოტაჟი, როგორც ეს ერთხელ უკვე ვნახეთ, როცა ჩაკეტეს პლენარული სხდომის დარბაზი, ეს იქნება საბოტაჟი არა საპარლამენტო სხდომის და სესიის, არამედ იქნება ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი, აღიარებული და დასაბუთებული. ეს იქნება მტკიცებულება, რომ არ ასრულებენ 12 პუნქტიან რეკომენდაციებს და პროცესი, რაც წამოიწყეს სამუშაო ჯგუფების სახით არის ფარსი,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა რიგგარეშე სესიის მოწვევაზე განკარგულება გამოსცა.