ლონდონის სტადიონზე გამართულ კონცერტზე ბილი ჯო არმსტრონგმა გამოსვლის დროს აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმება გააპროტესტა და განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს. "შევე*ი ამერიკას, აშშ-ის მოქალაქეობაზე უარს ვამბობ და საცხოვრებლად აქ გადმოვდივარ", — ასე მიმართა მომღერალმა სტადიონზე შეკრებილ ბრიტანელ ხალხს.
ამ ფრაზის გაჟღერების შემდეგ მომღერალმა განმარტა, რომ ეს ხუმრობა საერთოდაც არ არის და უახლეს დღეებში საზოგადოება ამ გადაწყვეტილების შესახებ უფრო მეტს გაიგებს."შევე*ი აშშ-ის უზენაეს სასამართლოს, ამ გადატრიალებაზე პასუხისმგებელნი მოსამართლეები არიან", — დასძინა არმსტრონგმა, სანამ სცენაზე American Idiot-ს შეასრულებდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ცნობილმა მომღერლებმა აბორტის შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ოლივია როდრიგომ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმეს, სიმღერა Fuck You მიუძღვნა. "მინდა, შემდეგი სიმღერა უზენაესი სასამართლოს იმ ხუთ მოსამართლეს მივუძღვნა, რომლებმაც დაგვანახეს, რომ თავისუფლება საერთოდ არ აღელვებთ. ჩვენ გვეზიზღებით", — განაცხადა როდგირომ სიმღერის შესრულებამდე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ქალებს საკუთარი სურვილით აბორტის გაკეთების კონსტიტუციურ უფლებას აძლევდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ შტატს თავად ექნება უფლება გადაწყვიტოს, დაშვებული იქნება თუ არა აბორტი.