სერ პოლ მაკარტნიმ ლეგენდარულ მუსიკალურ ფესტივალზე „გლასტონბერი“ თითქმის 3-საათიანი კონცერტი გამართა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 80 წლის მუსიკოსმა თავისი სეტი Beatles-ის ცნობილი ჰიტით Can't Buy Me Love დაიწყო და ჯამში 36 სიმღერა შეასრულა. კონცერტის მსვლელობისას მაკარტნის სცენაზე ჯგუფ Foo Fighters-ის ფრონტმენი დეივ გროლი შეუერთდა, მათ სიმღერის I Saw Her Standing There როკ-ვერსია ერთად შეასრულეს. კიდევ ერთი დუეტი მაკარტნიმ ამერიკელ მუსიკოს ბრიუს სპრინგსტინთან ერთად შეასრულა - მათ დაუკრეს კომპოზიციები Glory Days და I Wanna Be Your Man.
გამოსვლის ბოლოს კი მუსიკოსმა სცენაზე უკრაინის დროშა გაიტანა, რითაც ომში მყოფ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა.
მაკარტნი გლასტონბერის ჰედლაინერი 2020 წელს უნდა გამხდარიყო, თუმცა მაშინ ფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 18 წლის განმავლობაში, როცა მაკარტნი ამ ფესტივალის ჰედლაინერი გახდა.