ამერიკელი ინფლუენსერი ჯესიკა ნაბონგო პირველი შავკანიანი ქალი გახდა, ვინც მსოფლიოს 195-ვე ქვეყანაში იმოგზაურა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ქალმა წიგნი გამოუშვა, სახელწოდებით „დამიჭირე, თუ შეძლებ“, რომელშიც თავის თავგადასავალს აღწერს. ნაბონგო იხსენებს, რომ ყველა ქვეყნის მონახულება 2017 წელს გადაწყვიტა. ამ მიზნის განსახორციელებლად მას 2 წელი, მილიონობით მილის დაფარვა და 450 ფრენა დასჭირდა. ბოლო, 195-ე ქვეყანაში, სეიშელებზე, ის 2019 წლის ოქტომბერში ჩაფრინდა.
ნაბონგო აშშ-ში, დეტროიტში დაიბადა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ის 2 წლის განმავლობაში ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობდა, შემდეგ იაპონიაში ინგლისურს ასწავლიდა, მერე კი გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის სამსახურში კონსულტანტად მუშაობდა.
ქალი ამბობს, რომ ამერიკული პასპორტი მას დიდ უპირატესობას ანიჭებდა, თუმცა მას უგანდის მოქალაქეობაც აქვს. ქალი აღნიშნავს, რომ უგანდის პასპორტით მან 40 ქვეყანაში შეძლო უპრობლემოდ შესვლა, მათ შორის იმ სახელმწიფოებში, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს მოგზაურობა აკრძალული აქვთ (მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში).
ნაბონგოს იმედი აქვს, რომ მისი ისტორია სხვებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა და საკუთარი ოცნებების ახდენაში დაეხმარება, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა მოგზაურმა უნდა ზუსტად იცოდეს რატომ გადაწყვიტა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, რადგან სწორედ ეს მოტივაცია დაეხმარებათ მათ ფინიშის ხაზის გადაკვეთაში.