ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ. წყვილის განქორწინების პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ანჯელინამ განქორწინების მიზეზად "ოჯახის კეთილდღეობა" დაასახელა, რასაც წინ უსწრებდა ბრედ პიტსა და მის ვაჟს შორის თვითმფრინავში მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.
ბრედ პიტმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში მისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ ისაუბრა. ჯერ კიდევ 2017 წელს ბრედ პიტმა ღიად აღიარა, რომ ანჯელინასთან განქორწინების მთავარი მიზეზი ალკოჰოლზე დამოკიდებულება გახდა. "ანჯელინასთან ცხოვრების ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს ვსვამდი, რაც პრობლემად მალევე იქცა", — განაცხადა ბრედ პიტმა.
მსახიობის თქმით, ალკოჰოლზე დამოკიდებული საკმაოდ მალე გახდა, თუმცა როცა საქმე ბავშვების მეურვეობის საკითხს შეეხო, ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტა. ბრედ პიტის აზრით, პრობლემების მოგვარებაში ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში გაწევრიანება დაეხმარა. როგორც მსახიობი იხსენებს, თავდაპირველად ეჭვები ჰქონდა, რომ ვინმე მის სიტყვებს ფარულად ჩაიწერდა, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ ამ ჯგუფში ნამდვილად უსაფრთხოდ იყო.
"ცოლთან განქორწინების შემდეგ ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფს შევუერთდი. ძალიან კარგი ადამიანები შემხვდნენ და ჩვენი საუბრები ნამდვილად კონფიდენციალური იყო, რის გამოც ვგრძნობდი, რომ ნამდვილად უსაფრთხოდ ვიყავი", — ამბობს ბრედ პიტი.
მსახიობმა რამდენიმე დღის წინ GQ-სთან მიცემულ ინტერვიუში ისიც დასძინა, რომ ჯგუფთან ერთად 18 თვე გაატარა, რაც ბევრი პრობლემის გადალახვასა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმარა.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის სასამართლო დავა ამჯერად ქონებასთან დაკავშირებით გრძელდება. ბრედ პიტის მტკიცებით, ანჯელინა ჯოლი განზრახ ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას, როცა ღვინის კომპანია, სახელად Château Miraval, ყოფილი ქმრის კონკურენტ ინვესტორს მიჰყიდა.
პიტმა და ჯოლიმ ღვინის კომპანიის აქციები 2008 წელს შეიძინეს. ბრედ პიტმა ლოს-ანჯელესის სასამართლოში თავის ყოფილ ცოლს უკვე უჩივლა, რადგან ანჯელინა ჯოლიმ საკუთარი წილი მასთან შეთანხმების გარეშე გაყიდა.