თუ კიმ კარდაშიანისა და მერილინ მონროს კაბის ისტორიას ვერ დაეწიეთ, შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მეთ გალაზე კიმ კარდაშიანმა მერილინ მონროს კაბა ჩაიცვა, რომელიც მერილინს პრეზიდენტ კენედისთვის სიმღერა Happy Birthday, Mr. President-ის შესრულებისას ეცვა.
კაბის ჩაცმის გამო კიმი რამდენიმე მიზეზის გამო გააკრიტიკეს. კიმმა აღნიშნა, რომ კაბაში ჩასატევად 3 კვირაში 7 კილო დაიკლო, რის გამოც ექსპერტებისა და საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, კიმი არაჯანსაღი სილამაზის სტანდარტებს ამკვიდრებს და ადამიანებში კვებით აშლილობას ამწვავებს.
კრიტიკის კიდევ ერთი მიზეზი კი ის გახდა, რომ მერილინის კაბა ისტორიის ნაწილია, რომელსაც, ხალხის აზრით, კიმი საფრთხეს უქმნიდა. ცოტა ხნის წინ მერილინ მონროს კოლექციის ინსტაგრამგვერდზე კაბის ორი ფოტო გამოქვეყნდა — მეორე ფოტოში კაბის ქსოვილი შესაკრავთან დაზიანებული ჩანს, ძვირფასი თვლები კი — მომძვრალი.
მას შემდეგ, რაც ამის გამო კიმი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, ტიკტოკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დადო ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, ჩანს, რომ კაბა უკვე დაზიანებული იყო, როცა Ripley’s Believe It or Not მუზეუმმა მისი კიმისთვის თხოვება გადაწყვიტა. პირველი, დაუზიანებელი კაბის ფოტო კი რამდენიმე წლით ადრე იყო გადაღებული და არა უშუალოდ კიმის მიერ კაბის ჩაცმამდე.
ცოტა ხნის წინ კიმი Today-ის გადაცემაში მიიწვიეს, სადაც ის სხვა თემებთან ერთად მერილინის კაბის ამბავსაც გამოეხმაურა. მან კაბის დაზიანება უარყო და აღნიშნა, რომ მუზეუმიდან ადამიანები ახლდნენ, რომლებიც კაბის ჩაცმის პროცესში ეხმარებოდნენ და კაბის მდგომარეობას აკვირდებოდნენ. კიმის თქმით, კაბა სულ რამდენიმე წუთით ეცვა.
დამატებით, მუზეუმმა ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ კიმ კარდაშიანს კაბა არ დაუზიანებია. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მუზეუმმა კაბა 2016 წელს შეიძინა და ის მანამდე სხვაგან ინახებოდა. განცხადების მიხედვით, კაბის 2017 წლის ოფიციალურ აღწერაში მითითებულია, რომ ქსოვილი შესაკრავთან დაზიანებულია და კაბას რამდენიმე ძვირფასი თვალი აკლია. შესაბამისად, მუზეუმის განცხადებით, კაბის მდგომარეობა მეთ გალას შემდეგ არ შეცვლილა.