ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრი („მწვანეთა“ ფრაქციის წევრი), იურგენ ტრიტინი აცხადებს, რომ შოკირებულია იმ ფაქტით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან, გერმანიამ რუსეთს ენერგორესურსებისთვის 12.1 მილიარდი ევრო გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
გერმანელი პარლამენტარის თქმით, საუბარია შუალედურ მაჩვენებლებზე და ამ მომენტში რუსეთის მსოფლიო ბაზრებიდან სტრატეგიული განდევნა ხდება.
ფინეთში რეგისტრირებულმა ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრმა (CREA) 13 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით პუტინის ომის დაფინანსება: რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტი უკრაინაში შეჭრის პირველ 100 დღეში. ანგარიშის მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ ომის პირველი 100 დღის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ წიაღისეული ენერგიის წყაროების ექსპორტიდან 93 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო.
კვლევის მიხედვით, ევროკავშირი რჩება რუსული გაზისა და ნავთობის უმსხვილეს მყიდველად - 24 თებერვლიდან 3 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ევროკავშირზე რუსეთის წიაღისეული საწვავის ექსპორტის 61% მოდის, რაც 57 მილიარდ ევროს შეადგენს.
თუ ცალკეულ სახელმწიფოებზეა საუბარი, ჩინეთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტიორია (12.6 მილიარდი ევრო), შემდეგ მოდის გერმანია (12.1 მილიარდი ევრო) და მესამე ადგილზე იტალიაა (7.8 მილიარდი ევრო).
„დიახ, ეს ციფრები საშიშია. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენ ახლა თანმიმდევრულად განვახორციელოთ ნავთობის ემბარგო“, - დასძინა იურგენ ტრიტინიმ.
გერმანია რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტას წლის ბოლომდე აპირებს.