ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოს ობიექტური შეფასებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების ერთობლიობით მიღებული და ამ შემთხვევაში ევროკავშირმა ეს პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ოპოზიცია კი ცდილობს, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს.
„ევროკავშირის საკითხზე ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს, ერთი ეს არის ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა ატარებს, რომ საქართველო პერსპექტივაში გახდეს ევროკავშირის წევრი და ამ ეტაპზე შექმნილი ახალი ვითარებიდან გამომდინარე კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. ასევე, არსებობს მეორე ხაზი, ქართული პოლიტიკისა, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია ატარებს. მათი მიზანია, რომ შექმნან გარკვეული წინააღმდეგობა, ობიექტურად ხელი შეუშალონ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს, ამით გამოიწვიონ უკმაყოფილება საზოგადოებაში, გარე ძალების ჩართულობა ამ პროცესის ესკალაციაში და ამით მოახდინონ, როგორც მათ წარმოუდგენიათ, ხელისუფლების ხელში ჩაგდების პროცესის ინიცირება.
ევროკავშირის მხრიდან ორი გადაწყვეტილებაა მისაღები: ერთი ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული, რაც მოიაზრებს იმას, თუ საქართველო რეფორმების კუთხით სად იმყოფება დღეს. თუ ჩვენ ამ მიმართულებით შევაფასებთ მდგომარეობას, მაშინ ევროკომისიის დასკვნა, იმ გარემოში რა გარემოსაც ადარებენ ისინი სხვა კანდიდატ ან ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველო მართლაც ერთ-ერთი ლიდერია და ამას ფაქტობრივი მოცემულობა გვაჩვენებს. მეორე ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მათ დააინიცირეს, რომ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ომის ფონზე უკრაინისთვის მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი და სხვა ასპირანტ ქვეყნებსაც ეს შესაძლებლობა გახსნოდათ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოს ობიექტური შეფასებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების ერთობლიობით უნდა იყოს მიღებული ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში ევროკავშირმა ეს პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.