პრეზიდენტი არ არის ექსპერტი, რომ მხოლოდ განცხადებებით უნდა შემოიფარგლოს და სიბრძნეები აფრქვიოს, პრეზიდენტი არის სახელმწიფო მეთაური და მისი ვალდებულებაა, თუ ხელისუფლება ან ოპოზიცია არასწორად იქცევა, ხალხს საჯაროდ მიმართოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ოპოზიცია ხელისუფლების შეცდომებით სარგებლობს, დადიან ბრიუსელში, თუმცა, მთავარი პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლებას ეკისრება“.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ნაცვლად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან დადიოდეს, შიდა პატიმრობაში ჰყავს „ქართულ ოცნებას“ და ამაზე ხმას არ იღებს
„პრეზიდენტს თუ ჩვენი მოქმედებები არ მოსწონს, პირიქით, მის მიმართ ვარ კრიტიკული – დააფიქსიროს პოზიცია იმის თაობაზე, რა გააკეთა პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, ამ მიზნით რამდენი ოფიციალური ვიზიტი გქონდა ევროპაში? – არ მახსენდება ასეთი.
პრეზიდენტი არ არის ექსპერტი, რომ მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლოს და სიბრძნეები აფრქვიოს, პრეზიდენტი არის სახელმწიფო მეთაური და მისი ვალდებულებაა, თუ ხელისუფლება ან ოპოზიცია არასწორად იქცევა, ხალხს საჯაროდ მიმართოს, ქვეყანას სწორი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელებაში დაეხმაროს. რასაც ვუყურებ, პრეზიდენტი ნაცვლად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან დადიოდეს, შიდა პატიმრობაში ჰყავს „ქართულ ოცნებას“ და ამაზე ხმას არ იღებს. რაც შეეხება გვარამიას, ამ ნაწილში ექსპერტის აზრით არ უნდა შემოიფარგლოს და საკუთარი ბერკეტი გამოიყენოს და არასწორი გადაწყვეტილება გამოასწოროს, გვარამია შეიწყალოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.