საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა ბევრი კუთხით აღმოუჩინა, მათ შორის ქვეყანა მიერთებულია რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს.
ამასთან, როგორც პრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს არავინ სთხოვს ეროვნული სანქციების დაწესებას, ამიტომ წინმსწრებად საჭირო არ არის აღნიშნულთან დაკავშირებით მოთხოვნების დაყენება.
„საქართველომ უკრაინასთან მიმართებით მხარდაჭერა ბევრი კუთხით გამოიჩინა. ჩვენ სხვანაირად ვსაუბრობთ, მაგრამ სანქციებთან მიმართებით, მიღებული იქნა ის ფინანსური სანქციები, რომელიც არის ყველაზე მძიმე, რომელიც ყველას ევალება და ჩვენც ვართ ამის ნაწილი“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, უკრაინის მიმართ მორალური სოლიდარობა გვევალება.
„არავინ გვთხოვს ჩვენ იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს არავინ სთხოვს ეროვნულ სანქციებს.
„ჩვენ არავინ გვთხოვს ეროვნულ სანქციებს. სხვათა შორის, ევროპაში ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს დამატებით ეროვნული სანქციები იმ მთავარ სანქციებთან ერთად, როგორიც ფინანსური სანქციებია და ადამიანების სიები, რომლებსაც ევროპის ტერიტორიაზე არ უშვებენ.
ჩვენ რატომღაც საჭიროდ ვთვლით, რომ უარი ვთქვათ ისეთ რაღაცებზე, რომელზეც ჩვენზე მოთხოვნა დაწესებული არ არის და ესეც არ მესმის. რატომ არის საჭირო, რომ ჩვენ წინმსწრებად რაღაცებს ვაცხადებდეთ. ჩვენზე დამატებითი სანქციების არანაირი მოთხოვნა არ არის, არანაირი მოთხოვნა არ არის ჩვენზე არსაიდან, მე ვამბობ ჩვენი პარტნიორებისგან არსად, მე სადაც ვიყავი არავისგან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.