არის საკითხები, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს გაერთიანებული ერთი ასპექტის გაცნობიერებაში - ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება, თუნდაც კანდიდატის სტატუსის მოპოვება არის საზიარო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
„ამ საკითხის ირგვლივ გამართული ვნებათაღელვა ხშირად, შიდაპოლიტიკური კონიუნქტურის გამძაფრების მომასწავებელია - ძალაუფლების გადაბარების, ხელში აღებისა ან ასე შემდეგ. არის საკითხები, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს გაერთიანებული ერთი ასპექტის გაცნობიერებაში - ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება, თუნდაც კანდიდატის სტატუსის მოპოვება არის საზიარო გადაწყვეტილება. თუ ეს გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, ჩვენ ყველა ვიქნებით დამარცხებული ამ პროცესში. თუ იქნება პოზიტიური, ჩვენ ყველანი გამარჯვებული ვიქნებით.
დროა, ქართულმა საზოგადოებამ, უპირველესად, მისმა პოლიტიკურმა სპექტრმა, რადგან ასე მგონია, ხშირად საზოგადოებას უკეთ ესმის ამოცანა, ვიდრე პოლიტიკურ სპექტრს, გაიაზროს სიმწიფე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ერთიანობა გაცილებით უფრო უკეთესი გზავნილია, ვიდრე კინკლაობა, რასაც ჩვენ ხშირად ტელეეთერებში ვხედავთ“, - აღნიშნა ყიფიანმა.