ნურაფრის გვეშინია, რადგან უფალი იესო ქრისტე იყო, არის და მუდამჟამს იქნება ჩვენთან. მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ სარწმუნოება და სიყვარული იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესიისა, - ამის შესახებ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ ამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სულიერი თვალით ჩვენც ვხედავთ უფლის ამაღლებას და გვესმის მისი სიტყვები, „მე თქვენთან ვარ, არ დაგიტევებთ თქვენ ობლად, მე თქვენთან ვარ და ვინ შემძლებელ არს ვნებად თქვენდა“.
„ასეთი საოცარი დღე არის და ამიტომ უხაროდათ მოციქულებს. უფალმა იესო ქრისტემ თავისი ამაღლებით ჩვენ გაგვიხსნა ზეცა, დაგვიბრუნა ზეცაში ჩვენი ადგილი, და როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, იგი გახდა წინამორბედი ჩვენი, ვინაიდან, ზეციურ წმინდათა წმინდაში შებრძანდა როგორც წინამორბედი ჩვენი.
ამასთან ერთად, უფალი იესო ქრისტე იმასაც ქადაგებდა რომ, მისი წასვლა უმჯობესია მთელი სამყაროსთვის, მისი ამაღლება, ვინაიდან, იგი თუ ამაღლდება, მოვა სულიწმიდა, ნუგეშინისმცემელი, რომელიც თავისი ნიჭებით გვაცხონებს ჩვენ. და აი, ანგელოზებიც დღეს ეტყვიან მოციქულებს რომ, იმავე გზით, როგორც ამაღლდა უფალი, იმავე გზით მოვა მეორედ განსჯად ადამიანთა.
იმავე გზით მოვიდა ასევე სულიწმიდა მოციქულებთან. ზეციდან მოვიდა სულიწმიდაც თავისი მაცხონებელი ნიჭებით. და უფალი იესო ქრისტეც იმავე გზით მოვა, რომ განსაჯოს ადამიანები, თუ ვინ რამდენად მიიღო ყველაფერი ის, რაც უფალმა დაგვიტოვა ჩვენ, თავისი მადლის სახით, ეკლესიის სახით, რასაც გვაძლევს დღესაც სულიწმიდის მადლით ეკლესიაში - ვინ რამდენად შეიყვარა და ვინ რამდენად მიიღო. აი, სწორედ ამის განსასჯელად მოვა უფალი იესო ქრისტე მეორედ მოსვლის ჟამს. აი, ეს ყველაფერი უხაროდათ მოციქულებს. დღეს ჩვენც გვიხარია, ამიტომ ვზეიმობთ, ძვირფასო ძმებო და დებო და თუ შეიძლება. ასე ითქვას, ჩვენი სულიერი თვალით ჩვენც ვხედავთ უფლის ამაღლებას და გვესმის მისი სიტყვები, რომ მე თქვენთან ვარ, არ დაგიტევებთ თქვენ ობლად, მე თქვენთან ვარ და ვინ შემძლებელ არს ვნებად თქვენდა. ე.ი. ვის შეუძლია რომ გავნოთ თქვენ“, - განაცხადა მეუფემ.
მიტროპოლიტმა მრევლი დალოცა და ანუგეშა.
„ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, და მართლაც, ნურაფრის გვეშინია, რადგან უფალი იესო ქრისტე იყო, არის და მუდამჟამს იქნება ჩვენთან. მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ სარწმუნოება და სიყვარული იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესიისა. გული გავუხსნათ სულიწმიდის მოსვლას, რომელიც სულ მალე აღინიშნება ასევე წმინდა ეკლესიაში. მართლაც, თუ ასეა, რომ უფალი მუდამ ჩვენთან არის, ვისი უნდა გვეშინოდეს? ვინაიდან იგი არის მფარველი ჩვენი. ღმერთმა გაგახაროთ, დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ“, - განაცხადა მეუფემ.
საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ ამაღლების დღესასწაული განსაკუთრებულად პატრიარქს მიულოცა.
„განსაკუთრებით მსურს, დღევანდელი დღე მივულოცო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, თქვენთან ერთად, ვინაიდან, მთელი მისი მოღვაწეობა, მიძღვნილია ჩვენი ერის სულიერი ამაღლებისადმი. ღმერთმა ინებოს, რომ მისი ლოცვითა და წინამძღოლობით ჩვენ მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას, გაძლიერებას და ამაღლებას“, - დასძინა მღვდელმთავარმა.