პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.
„საიდანღაც მოიტანეს ეს თემა. მე ვფიქრობ, ეს კვლავ სააკაშვილის ავადმყოფური აზრებია, რომლებზეც კვერის დაკვრის გარეშე „ნაცმოძრაობა“ და მისი აქტივი პრაქტიკულად აღარ იარსებებს. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ უნდა მოვიგონოთ ბაკურიანის შეხვედრა, სადაც დაგეგმეს და ცდილობენ, როგორმე კოორდინაციაში მოიყვანონ თავიანთი ბოროტი ზრახვები“, - აცხადებს ვოლსკი.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.