საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი Data Challenge-ი იწყება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი Data Challenge-ი იწყება

საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით სიახლეების დანერგვას და ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოში პირველად, ბანკი მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს - Data Challenge-ების სერიას იწყებს.

Data Challenge-ის თითოეული შეჯიბრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ მარტო, ან გუნდთან ერთად ჩაერთონ კონკურსში, 4 კვირის მანძილზე იმუშაონ დავალებებზე, გამარჯვების შემთხვევაში კი მოიგონ თანხა 50 000 ლარის მოცულობის საპრიზო ფონდიდან. გარდა ამისა, მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.
პროექტის მონაწილეები პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერების მიერ შეფასდებიან, ხოლო მენტორობას მათ საქართველოს ბანკის თანამშრომლები გაუწევენ.

დეტალური ინფორმაცია ჩელენჯისა და კონკრეტული თემების შესახებ 12 აპრილს, Data Challenge-ის წარმდგენი Live ღონისძიების ფარგლებში,  Facebook-ზე გაჟღერდება: https://bit.ly/3DrD4lG  
კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც სწავლობს ან დასაქმებულია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის სფეროში. 
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით საქართველოში პირველი Data Challenge-ის სერია იწყება. კონკურსი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, გაიცნონ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება და, რაც მთავარია, მონაცემთა მეცნიერებების მიმართულებით, აღმოაჩინონ მათთვის აქამდე უცნობი შესაძლებლობები. გვჯერა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტალანტების აღმოჩენას და მონაცემთა მეცნიერების  განვითარებას“, - აცხადებს ვახტანგ ბობოხიძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიტიკისა და ციფრული არხების მიმართულებით.