ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთობლივ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. ამის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა მამია ბალახაძემ მოაწერეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, უნივერსიტეტებს შორის დაისახა სამომავალო თანამშრომლობის გეგმები, მათ შორის, უახლოეს პერიოდში ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავებაც. „ბევრი სიახლე შევიტყვეთ ერთმანეთის შესახებ, დავსახეთ გეგმები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განვახორციელოთ ერთობლივი პროგრამები. გვაქვს ბევრი საინტერესო იდეა, მათ შორის, გვინდა რომ დავაახლოვოთ სტუდენტები და იუნკრები. გაჟღერდა იდეა, თსუ-ში იუნკრების მოწვევის შესახებ. ჩვენ ჩვენი მხრიდან მზად ვართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, გვაქვს უამრავი რესურსი და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქმედებების სინქრონიზაცია“- აღნიშნა თსუ რექტორმა. მისივე თქმით, თანამშრომლობის მიზანია სწავლების ხარისხის ამაღლება, როგორც აკადემიაში, ისე თსუ-ში და ამის დიდი პოტენციალი ორივე უნივერსიტეტს აქვს.
„ერთობლივი მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის საშუალებას მოგვცემს გავცვალოთ ინფორმაცია, მივიღოთ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა და სამომავლო ურთიერთობისთვის შევქმნათ კარგი საფუძველი ჩვენს სტუდენტებსა და შესაბამისად, თსუ-ს სტუდენტებსა და თანამშრომლებს შორის,“- აღნიშნა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა მამია ბალახაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი ღონისძიებების, აქტუალურ საკითხებზე კვლევების, სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება და ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა.