გურამ მაჭარაშვილი:  ჩვენ არავისთან კონფრონტაციას არ ვეძებთ, გვინდა, ჯანსაღი კონსულტაციები იყოს ყველა ორგანოსთან, მათ შორის ისეთ დამოუკიდებელ ინსტიტუციასთან, როგორიც პრეზიდენტია

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არავისთან კონფრონტაციას არ ვეძებთ, გვინდა, ჯანსაღი კონსულტაციები იყოს ყველა ორგანოსთან, მათ შორის ისეთ დამოუკიდებელ ინსტიტუციასთან, როგორიც პრეზიდენტია

ჩვენ არავისთან კონფრონტაციას არ ვეძებთ, ეს არ არის ჩვენი სტილი, გვინდა, ჯანსაღი კონსულტაციები იყოს ყველა ორგანოსთან, მათ შორის ისეთ დამოუკიდებელ ინსტიტუციასთან, როგორიც პრეზიდენტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობასთან, ხოლო მიზეზი რის გამოც ეს ვერ მოხდა, არასწორი კომუნიკაცია იყო.

"არავინ არ აკნინებს, რომ პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს, პირადი რესურსი გამოიყენოს საქართველოს სასარგებლოდ, რაც არაერთხელ გაუკეთებია და იმედია, ამას ასე გააგრძელებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფუნქციების აღრევა მოხდეს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებს შორის. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს, რასაც შემდეგ აღასრულებს მთავრობა და თუ პრეზიდენტი უცხოეთში შეხვედრებს გამართავს, ეს უნდა იყოს შეთანხმებული მთავრობასთან,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას მისი საერთაშორისო საქმიანობის მიმართ ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა და ამას გაუგებარი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, 26 თებერვალს მას უარი ეთქვა პარიზში, ბერლინში, ვარშავასა და ბრიუსელში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე. მისივე თქმით, შეხვედრები მან პირადი კონტაქტების მეშვეობით გამართა და სამუშაო შეხვედრები პირად შეხვედრებად აქცია. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტები მთავრობის დასტურის გარეშე განხორციელდა, გამოდის, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია, რაშიც გაერკვევიან.