საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ახალი თარგმანები და გამოცემები იქნება წარმოდგენილი სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის ბიბლიოთეკაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანამშრომლობით შეიქმნება.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ია თიკანაძემ მოაწერეს. სამეცნიერო პროექტში ჩაერთვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, კერძოდ - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა და ებერტის ფონდის წარმომადგენლობა.
მემორანდუმის ფარგლებში გამოიცემა ორი წიგნი, რომლებიც შეეხება ისტორიისა და ნაციონალიზმის საკითხების განხილვას. პირველ წიგნში „სოციალ-დემოკრატია და ნაციონალური საკითხი“ თავმოყრილი იქნება სტატიები: ნოე ჟორდანიას „ნაციონალური კითხვა ჩვენში, ნაციონალური კითხვა ამიერკავკასიაში“, აკაკი ჩხენკელის „სახელმწიფო და ერი“, ირაკლი წერეთლის „მამულიშვილობა, ეროვნება თუ ხალხის სამსახური?“. აგრეთვე, სპეციალურად ამ წიგნისთვის, ქართულად ითარგმნება და დაიბეჭდება ოტო ბაუერის ნაშრომები წიგნიდან „ეროვნების საკითხი და სოციალ-დემოკრატია“ (თანამედროვე სახელმწიფო და ერი“, „ეროვნების პრინციპი“, „ავსტრია როგორც გერმანული სახელმწიფო“, „ისტორიის არმქონე ერების გამოღვიძება“, „თანამედროვე კაპიტალიზმი და ეროვნული სიძულვილი“, „სახელმწიფო და ეროვნული ბრძოლები“, „მუშათა კლასი და ეროვნული ბრძოლები“), ჟან ჟორესის „ინტერნაციონალი და სამშობლო“, ერნესტ რენანის „რა არის ერი?“. მეორე წიგნში დაიბეჭდება ფრანგული ენიდან ქართულად ნათარგმნი ხარიტონ შავიშვილის ორი თხზულება: „სამშობლო, ციხეები, გადასახლება“ და „რუსი რევოლუციონერები 1908 წელს ჟენევაში“.
ერთობლივი სამეცნიერო პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული კონცეპტების კვლევასა და ცნობილი ქართველი და უცხოელი საერო მოღვაწეების აკადემიური ნაშრომების გაერთიანებულ წიგნებად გამოცემას.