საქართველოს და აშშ-ს კომუნიკაციების კომისიებმა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შეთანხმებას მოაწერეს ხელი  

საქართველოს და აშშ-ს კომუნიკაციების კომისიებმა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შეთანხმებას მოაწერეს ხელი  

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ (COMCOM) და ამერიკის ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ (FCC) მედია და ტელეკომ პოლიტიკის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.   შეთანხმების მიზანია, COMCOM-მა  და FCC-იმ სატელეკომუნიკაციო და მედია პოლიტიკის მიმართულებით, კონკურენციის, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას  და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრას შეუწყონ ხელი. 

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ჯესიკა როზენვორსელი  ბარსელონაში, GSMA-ს მიერ ორგანიზებულ მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის (MWC) ფარგლებში შეხვდნენ.  ორი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე  კავშირის გაძლიერებაზე  და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. თავმჯდომარეების  შეხვედრის შემდეგ, თანამშრომლობის შესახებ შეთანხებას  ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ჯესიკა როზენვორსელმა მოაწერეს. 

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზანია გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.  თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა კონკურენციის სამართლის ფარგლებში (ex post) რეგულირების ამოცანები, სატელიტური კომუნიკაცია, 5G და ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე, სიხშირული რესურსის ჰარმონიზაცია, მაუწყებლობის ბაზრის ანალიზი, მარეგულირებელი ჩარჩო და სხვა.