"ბორჯომის" მფლობელი და "Alfa Bank"-ის დამფუძნებელი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომს ეწინააღმდეგება

Financial Times-ის ინფორმაციით, Alfa Group-ის დამფუძნებელი, მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს ეწინააღმდეგება. 

Alfa Group-ი არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი, რომლის შემადგენლობაშიც Alfa Bank-თან ერთად IDS Borjomi International-იც შედის.

მიხაილ ფრიდმანი, რომლის ქონებაც Forbes-ის მიერ $11.7 მილიარდად არის შეფასებული, ამ დროისთვის უმდიდრესი ოლიგარქია, რომელიც ომის წინააღმდეგ საუბრობს. 

"მე დასავლეთ უკრაინაში დავიბადე და ვცხოვრობდი 17 წლამდე. ჩემი მშობლები უკრაინის მოქალაქეები არიან და დღემდე ცხოვრობენ ლვოვში, ჩემს საყვარელ ქალაქში. მაგრამ, მე ასევე გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, როგორც რუსეთის მოქალაქემ, სადაც ვაშენებდი და ვზრდიდი ბიზნესს. უკრაინელ და რუს ხალხთან მჭიდრო კავშირი მაქვს და დღევანდელ კონფლიქტს ორივე მხარისთვის ტრაგედიად ვაფასებ.

მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც პასუხისმგებელია ჩემი ათასობით თანამშრომლის წინაშე რუსეთსა და უკრაინაში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ომი ვერასოდეს იქნება გამოსავალი, ეს კრიზისი გამოიწვევს სიცოცხლის უდიდეს დანაკარგს ორი ერისთვის, რომლებიც ასობით წლის განმავლობაში ძმობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გამოსავალი საშინლად შორს მეჩვენება, მე შემიძლია შევუერთდე მხოლოდ მათ, ვისი მხურვალე სურვილია სისხლისღვრის დასრულება. დარწმუნებული ვარ, ჩემი პარტნიორები იზიარებენ ჩემს შეხედულებას,"- აღნიშნა ფრიდმანმა თანამშრომლებისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში. 

მიხაილ ფრიდმანი არის Alfa Group-ის დამფუძნებელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ასევე ლუქსემბურგში რეგისტრირებული საინვესტიციო ჰოლდინგის LetterOne-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 

Alfa Group-ის ჰოლდინგში 8 კომპანია და მათ შორის, თავად "ალფა ბანკიც" ერთიანდება. ამ რვა კომპანიიდან ერთი - IDS Borjomi International-ია, რომლის შემადგენლობაშიც “აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალიც” შედის.