რუსეთის პრეზიდენტი ესკალაციის გასაზრდელად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ რეაგირება უნდა იყოს მტკიცე, მშვიდი და საერთაშორისო ნაბიჯებთან შესაბამისი, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა გააკეთა.
„რუსეთი მეზობლების მიმართ იმ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას აგრძელებს, რაც დიდი ხანია დაწყებული აქვს და რაც განსაკუთრებით მკაფიოდ 2008 წელს საქართველოში შემოჭრით და 2014 წელს უკრაინაში შეჭრით გამოვლინდა. აუცილებლად დადგება დრო, როცა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნება. ამას საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო დღის წესრიგი უზრუნველყოფს. მანამდე პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვები უნდა გავიმეოროთ, რომ ცივი გონებით, მშვიდად, აუღელვებლად და მართლა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უნდა იყოს რეაგირება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. აღიარებიდან რამდენიმე საათში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონბასისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა უკვე დაიძრა.
„არავის და არაფრის გვეშინია, არავის არაფერს მივცემთ - ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
კიევი ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს.