ადამიანები, რომლებიც ხელფასს ყოფილი თავდაცვის მინისტრის საეჭვო ვითარებაში გავსებული ჯიბიდან იღებენ, კახა კალაძის ქონებას დასდევენ, რომელიც ძალიან კარგად იციან, საიდან დააგროვა თბილისის მერმა. ისიც კარგად იციან, რომ ეს კალაძის პოლიტიკურ კარიერას არ უკავშირდება - ნათქვამია POSTV-ის ვრცელ სიუჟეტში, რომელიც დავით კეზერაშვილის ქონებას ეხება.
სიუჟეტის ავტორის თქმით, კეზერაშვილის გზა 90-იან წლებში თბილისიდან ისრაელში, ისრაელიდან იუსტიციის სამინიტროში, ხოლო შემდეგ 2002 წელს, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწეობამდე მიდის საკრებულოში. ეს მაშინ, როდესაც კახა კალაძეს უკვე გავლილი ჰქონდა გზა სამტრედიიდან თბილისის დინამომდე, თბილისის დინამოდან, კიევის დინამომდე და უკვე 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპულ გრანდში - მილანში გადადის სათამაშოდ.
„კალაძე რომ სან-სიროში გულშემატკივრებს ახარებდა, კეზერაშვილი საკრებულოში მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭად მუშაობდა. 2003 წელს კალაძის ცხოვრებაში, პირველი ყველაზე დიდი წარმატება მოდის მილანის რიგებში და ის ჩემპიონთა ლიგას და მასთან ერთად უამრავი ადამიანის გულს იგებს მთელი მსოფლიოდან. ერთი წლის შემდეგ, კეზერაშვილიც იგებს გულს, ოღონდ მხოლოდ სააკაშვილისას. 2004 წელს კეზერაშვილი პირველად ხდება რაღაცის უფროსი, ეს რაღაცა კი, ხელწამოსაკრავი რამ ნამდვილად არ არის, მას ფინანსურ პოლიციას აბარებენ, სადაც ის შევარდნაძის დროინდელი ბიზნეს წილების ახალ გადანაწილებას კურირებს. 2006 წელს კალაძეს მილანმა კონტრაქტი 4 წლით გაუხანგრძლივა. კეზერაშვილს კი სააკაშვილმა გაუხანგრძლივა კონტრაქტი და თავდაცვის მინისტრად დანიშნა. კალაძე რომ მისი სტაჟისა და ტიტულების გამო მილანში მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო, ეს გასაკვირი არავისთვის არის, არც ის არა არის არავისთვის უცხო, რომ მას ევროპულ გრანდში წელიწადში რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი ქონდა, შესაბამისად მისი ქონება არავის უკვირს, რასაც ვერ ვიტყოდით კეზერაშვილის ფინანსურ მდგომარეობაზე. მის 2004 წლის დათარიღებულ დეკლარაციას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ ქონება მოკრძალებულია. ეს ის პერიოდია, როდესაც ფინანსურ პოლიციაში ახალი დანიშნულია, დაახლოებით იგივე სიტუაციაა 2008 წლის დეკლარაციაში, სადაც განსაკუთრებულ ქონებას ვერ აღმოაჩენთ. მაშინ როდესაც ის მინისტრად დაინიშნა მხოლოდ ერთი ბინის მფლობელი იყო, სამინისტროდან წასვლის შემდეგ კი უეცრად მილიონერი გახდა. კეზერაშვილი, რომელიც დღეს კალაძის სპორტული კარიერით დაგროვებულ ქონებას დასდევს, თავად სახელისუფლებო სისტემის წნეხის დახმარებით იკანონებდა სხვადასხვა სახის ბიზნესს, მაგალითად, ნავთობის ბიზნესში კეზერაშვილის სახელი კომპანია „გალფს“ უკავშირდება, რომლის გამოჩენის შემდეგაც უეცრად მის კუთვნილებაში გადადის „სენტას“ „მაგრატისა“ და ეკოს ავტო გასამართი სადგურები. კეზერაშვილმა ზუსტად ანალოგიურად მუქარით ჩაიგდო ხელში მამა-შვილ თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეების კომპანია „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“ კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან გაფორმებული“ ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობ პროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. კეზერაშვილის სახელს უკავშირდება ნავთობ პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია შპს უნიგრუპი, რომლის 50%-იან წილსაც ფლობდა. საჯარო წყაროებიდან ვიგებთ, რომ უნიგრუპს ნაცმოძრაობის მმართველობის დროს 2010-2011 წლებში გამოცხადებული 61 ტენდერიდან 82% მოგებული აქვს. საერთო სავარაუდო ღირებულება 8 341 145 ლარი.
დავით კეზერაშვილის ცოლის სოფო ჩიქოვანის ძმის დიმიტრი ჩიქოვანის სახელს უკავშირდება კომპანია აუთდორ.ჯი გარე რეკლამების მონოპოლისტი კომპანია, სადაც 70-%-იანი წილის მფლობელი სწორედ ჩიქოვანის ოფშორში რეგისტრირებული კომპანია ბლეკსტაილია.
კეზერაშვილის პოლიტიკური ბიზნესმენობის ისტორია აქ არ სრულდება. ის სატელევიზიო კომპანიებსაც ფლობდა. რუსთავი 2-ში თავდაცვის ყოფილი მინისტრი კომპანია მედია ჯორჯია-თი იყო წარმოდგენილი, სადაც ის 40%-იან წილს ფლობდა. მზე-ში კი ჯორჯიან მედია კომპანით, რომლის 100%-საც კეზერაშვილი განაგებს. თავის მხრივ კი ეს კომპანია ტელეკომპანია „მზის“ 40%-იან წილს ფლობდა.
შეუძლებელია არ გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომი, რომლის შემდეგაც გაირკვა, რომ იარაღი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ომამდე შეიძინა, უხარისხო იყო. WikiLeaks-მა მაშინ სტატია გამოაქვეყნა, სადაც შტატების სახელმწიფო მდივნის მიმოწერაა გასაჯაროებული, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ იარაღის ნაწილი, რომელიც საქართველომ დაახლოებით 11 000 000 დოლარად შეიძინა გვატემალაში, კერძო პირებს აღმოაჩნდათ. დარგის ექსპერტები ასევე იხსენებდნენ, რომ საქართველომ ომამდე საზენიკე სისტემები შეიძინა, რომელიც რატომღაც 2008 წლის ომში არათუ არ გამოუყენებიათ, საერთოდ არ გამოუჩენიათ.
წინა ხელისუფლების დროს უკანონო და უხარისხო იარაღის შესყიდვების შესახებ WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა შტატების მაშინდელი ელჩის ჯონ ტაფტის მიმოწერა სახელმწიფო დეპარტამენტთან, სადაც საუბარია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ისრაელის კომპანია პაზ ლოჯისტიკს 500 000 მილიონიან შეიარაღებაში 1 000 000 დოლარს უხდის. 70 000 -იანში კი 295 000-ს მაშინ, როდესაც ხდება დეფექტური იარაღის მიწოდება. არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრო მომდევნო წლებშიც აგრძელებდა პაზ ლოჯისტიკთან თანამშრომლობას სანამ ამ კომპანიის ხელმძღვანელი FBI-მ მაღალჩინოსანთა მოქრთამვის ბრალდებით არ დააკავა.
კეზერაშვილი შვეიცარიული გამოცემა ტრიბუნი და ჟენევას სტატიაშიც მოხვდა, სადაც წერია, რომ მას 2006 წელს, თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავებისას მხოლოდ ერთი ბინა ჰქონდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რაც ის გადადგა, მოულოდნელად ოლიგარქად იქცა. გამოცემის თანახმად კეზერაშვილს სამი ოფშორული კომპანია გაუხსნეს, სადაც ნავთობის ვაჭრობიდან მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლის ტრანზიტი გახდა შესაძლებელი. დავით კეზერაშვილის სახელი ასევე ფიგურირებს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში, რომელიც ტრანსნაციონალურ დანაშაულს წარმოადგენს და მას ევროპული ძალოვანი უწყებები კოორდინირებულად იძიებენ. მათ შორის, საერთაშორისო ოპერაციაში ჩართულია ქართული მხარეც.
ვინ არის კეზერაშვილი და როგორ გამდიდრდა ის. ამ კითხვას პასუხი გავეცით. ახლა კი პასუხი კითხვაზე რატომ არის მისი დაკვეთილი სიუჟეტი კალაძის ქონებაზე უტიფრობის მწვერვალი. კეზერაშვილი, რომელმაც ფული ბიზნესის ტერორით იშოვა, კეზერაშვილი, რომელმაც ფული არალეგალური, უხარისხო იარაღის შეძენით იშოვა, რამაც 2008 წლის ომის საზარელი შედეგები კიდევ უფრო საზარელი გახადა, კეზერაშვილი, რომელიც ამ დარეკეტებული თუ ქართველი ჯარისკაცების სისხლიანი ფულით სხვადასხვა დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ინახავს, ამავე ტელევიზიის მეშვეობით კახა კალაძეს ქონების არაკანონიერ წარმომავლობაზე აეჭვებს საზოგადოებას.
განსხვავებით უცბად გამდიდრებული კეზერაშვილისგან კალაძის შემთხვევაში ყველაფერი გამჭვირვალეა. დეკლარაციების თანახმად, კალაძემ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელე გახდა, უარი თქვა ხელფასზე და ის მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდება, თუმცა კალაძე ქველმოქმედებაში გაცილებით მეტ თანხებს ხარჯავს. რაც შეეხება მის ქონებას, უნდა შევახსენოთ ბატონ კეზერაშვილს, რომ ზოგიერთები საკუთარი თავდაუზოგავი შრომით აღწევენ წარმატებას და არა ფარული გარიგებებით, რეკეტითა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით. ასე რომ ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველაფერს ხედავს.
დღეს, 2022 წლის საქართველოში შეუძლებელია ასე, უბრალოდ სხვას დააბრალო ის, რასაც თავად ჩადიოდი მით უმეტეს, როდესაც ამას 0%-იანი მედიით ცდილობ, რომელიც სიუჟეტის ორიგინალურობისთვის და თან რაღაც სარკასტული ნარატივისთვის საკუთარ სცენარსაც ვერ იფიქრებს და სიუჟეტს რუსული პოპ ბენდის ზვერის კლიპის იდეის მოპარვით იწყებს“ - ნათქვამია სიუჟეტში.