წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტერ მიკისკამ საჩუქრად წიგნები გადასცა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის წარმომადგენელი, პროფესორი მარია ფილინა, სტუდენტები, აგრეთვე, თსუ ბიბლიოთეკის და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ძალიან კარგი საჩუქარი მივიღეთ ჩეხეთის საელჩოსგან წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს. საბიბლიოთეკო კოლექციაში შესული ეს ლიტერატურა მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ჩეხურ ენას. ზოგადად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 50-ზე მეტი ენა ისწავლება, მათ შორისაა ჩეხური ენაც,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
„ჩეხეთის საელჩომ პატარა წვლილი შეიტანა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ჩეხური წიგნები გადასცა. ეს გახლავთ პირველი შემოწირულობა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება,“- განაცხადა ჩეხეთის ელჩმა პეტერ მიკისკამ. მისი თქმით, საჩუქრად გადმოცემული წიგნები მნიშვნელოვანია ჩეხური ენის ლინგვისტური კვლევებისთვის და ენის პრაქტიკული სწავლებისთვის, ასევე, სტუდენტების ჩეხეთით დასაინტერესებლად.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩეხურ ენას, როგორც ფაკულტატივს, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომელი მატეი ბრჟეზნა უკითხავს.