საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას euronews-ი ეხმაურება. რეპორტაჟის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 200-მდე მედიკამენტზე ფასები შემცირდება.
რეპორტიორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ დეფიციტის დაძლევის მიზნით თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი დაუშვა. მისივე თქმით, საქართველოსთან შედარებით ბევრი მედიკამენტის ფასი თურქეთში 1000%-ით იაფია. რეპორტაჟის ავტორი მოქალაქეების აზრით დაინტერესდა. ნანა შუკაკიძე, რომელსაც ხშირად უწევს აფთიაქში სიარული გულის წამლების შესაძენად, აღნიშნავს, რომ მაღალი ფასების გამო ხანდახან ვერ ახერხებს საკმარისი დოზის შეძენას, რადგან მხოლოდ მცირე თვიური პენსია აქვს. შუკაკიძე აღნიშნავს რომ ბოლო წლებში მედიკამენტების ფასები იმდენად გაიზარდა, რომ ქართველი მოხუცებისთვის ეს ფუფუნება გახდა.
შუკაკიძე განმარტავს: „აქ პენსიონერებისთვის წამლები მიუწვდომელია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის, ექიმმა ფრანგული წამალი გამომიწერა, თვეში დაახლოებით 70 ევრო მჭირდება, ჩემი შვილები რომ არა, არ ვიცი, როგორ შევძლებდი გადახდას“.
რეპორტაჟის ავტორის თქმით, სწორედ ამ მიზეზით, მთავრობამ თურქეთის ბაზრისთვის ეროვნული სექტორის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც მედიკამენტების დეფიციტი აღმოიფხვრება. „ევრონიუსის“ რეპორტიორის თქმით, საქართველოს მთავრობა კომპანიებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე შემოიტანონ თურქული მედიკამენტები. სიუჟეტი ევრონიუსის ვებგვერდზე ესპანურსა და ფრანგულ ენებზეა ხელმისაწვდომი.