თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლით მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობები ახალ, გაუმჯობესებულ საფეხურზე გადავიდა და როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ეს პროცესი - აღრიცხვა/გადახდა - გაცილებით სამართლიანი იქნება და სექტორის მომავალი განვითარების წინაპირობებსაც ქმნის.
აღრიცხვის ახალი სისტემის სამართლიანობასა და ბაზრის გასაუმჯობესებლად ამ სისტემის უპირატესობაზე ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს.
„როდესაც ახალ სისტემაზე გადავედით, გასულ ზაფხულს, მათ შორის „თელმიკოს“ შემოსვლის შემდეგ, სერიოზული პრობლემები შეიქმნა, რაც დღემდე მოგვდევს. საქმე ისაა, რომ ჩვენ ელექტროენერგიის მოხმარების 3-საფეხურიანი სისტემა გვაქვს: 101 კვტ.სთ-მდე, 301 კვტ.სთ-მდე და 301 კვტ.სთ-ს ზემოთ. დადგენილებაში გვიწერია, რომ აღრიცხვა 30 კალენდარულ დღეში ერთხელ უნდა მოხდეს. ჩვენს ენერგოკომპანიებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ, მაგალითად, თბილისში არსებული 600 000 აბონენტი ერთ დღეს აღრიცხონ და აიღონ ანათვალი. ამიტომ ზოგი აბონენტისთვის თვე იწყება 2 რიცხვში, ზოგისათვის 5 რიცხვში და ასე შემდეგ. რა პრობლემა იჩენს ამ შემთხვევაში თავს: დავუშვათ, მე ვარ ზღვარზე და მივუახლოვდი, მაგალითად, 300 კილოვატიან მაჩვენებელს. თუ კომპანია 31 დღის ანათვალს აიღებს ჩემი მრიცხველიდან და არა 30 დღის, შეიძლება მე გადავშორდე 300-იან ზღვარს და ამ შემთხვევაში სხვა, უფრო მაღალი ტარიფით დამერიცხება ელექტრული ენერგია. ამდენად, 2022 წლამდე მოქმედი აღრიცხვის სისტემა პრობლემას უქმნიდა მომხმარებლებს“, - განმარტავს ენერგეტიკოსი.
მისივე თქმით, პრობლემა სრულად აღმოიფხვრება „ჭკვიანი“ მრიცხველების დანერგვით და აღრიცხვა დისტანციურად, ავტომატურად მოხდება ყოველგვარი დღეების გადაცილების გარეშე.
„გარდა ამისა, ამ მრიცხველებს შესაძლებლობა აქვთ ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემები ბაზაში გააგზავნოს საათობრივად. ამის შედეგად მარტივად ჩანს, მომხმარებლები დღე-ღამის რომელ პერიოდში რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ეს არის აუცილებელი წინაპირობა დღისა და ღამის ტარიფებზე გადასასვლელად, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია. შედეგად, შესაძლებელი იქნება ღამით დენი გაიაფდეს და მოსახლეობამ შედარებით იაფი ელექტრული ენერგიით აწარმოოს თავისი საყოფაცხოვრებო თუ არასაყოფაცხოვრებო საქმიანობა. ამასთან, როდესაც ღამის საათებში მოხმარება მკვეთრად იკლებს, ჩვენი დანადგარები ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავენ ეგრეთწოდებულ უქმ სვლაზე. ხოლო საღამოს 7 საათიდან გადაჭარბებული სიმძლავრით მუშაობენ. ამით ჩვენ შევძლებთ, ასე ვთქვათ, პიკების „დაუთოებას“, - აცხადებს გია არაბიძე.
როგორც ირკვევა, “ჭკვიანი მრიცხველებით“ შესაძლებელი ხდება ელექტროენერგიის დროსთან მიმართებაში აღრიცხვა და მომხმარებელს ეცოდინება, დღის განმავლობაში რა რაოდენობის ენერგია მოიხმარა და რა ფასად და იგივე ღამის საათებში.
რაც შეეხება ელექტროენერგიის სუბსიდირებას, გია არაბიძე აცხადებს, რომ საბიუჯეტო შეღავათები მხოლოდ მოწყვლად აბონენტებზე უნდა გავრცელდეს.
„ელექტროენერგიის მომხმარებელი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა უნდა დასუბსირდეს. ის იდეოლოგია, რომ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გვქონდა ნებისმიერი მოქალაქის სუბსიდირების პროგრამა, მიუხედავად მათი შემოსავლებისა, მე არ მიმაჩნია სწორად. ზოგადად, ჩემი აზრით, ეკონომიკური ფორმისთვის სუბსიდირების პროგრამა მიუღებელია, მაგრამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ სუბსიდია უნდა გავრცელდეს მოწყვლად მოსახლეობაზე, სოციალურად დაუცველებზე, რათა მათ ოჯახურ ბიუჯეტებზე ის 3,5-თეთრიანი ფასნამატი ძალიან მძიმედ არ აისახოს“, - ამბობს გია არაბიძე.
- ასეთი ყ... როგორ უნდა დაიჯერო? კერძო კომპანიამ, ფული დახარჯა, რაღაც მაქინაცია გამოთვალა და ეს ყველაფერი იმისათვის რომ მომხმარებელისთვის უფრო "სამართლიანი" იყოს გადახდის პირობა?, დამატებით მოგება, შემოსავლის გაზრდა და ა. შ აზრადაც არ გაუვლიათ ალბათ ღვთისმიერ, დალოცვლი და მადლიან კომპანიას.