ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა

26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. 

2022 წელს, საბაჟოს საერთაშორისო დღის საერთო სლოგანია ,,საბაჟოს სრული ციფრული ტრანსფორმაცია“.

ღონისძიება „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა. მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ, ასევე სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს საბაჟო ატაშე ფუად გასიმოვი და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
ღონისძიების  ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და ფინანსთა მინისტრმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა  და საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს შორის, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიური პლატფორმის მოდერნიზაციის მიზნით თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესახებ. 

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს  მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი გაუსვა სტრატეგიულ პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან  თანამშრომლობის მნიშვნელობას. 
სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის  მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის 14 მებაჟე ოფიცერს,  პარტნიორ უწყებებს (საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს),  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა (აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამას (EXBS) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას IOM) და საქართველოს საბანკო ასოციაციის  წარმომადგენლებს. ამასთან,  საბაჟო სისტემის ციფრული ტექნოლოგიების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროს განვითარებისა და სრულყოფის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს.

სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის გარდაცვალების შემდეგ მადლობის სიგელით დაჯილდოვდა სამი მებაჟე ოფიცერი.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური