მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან 1000 მეტრზე მეტით მაღლა ასვლა ორსულებისთვის არ არის რეკომენდებული - წნევის მკვეთრმა ცვლილებამ, ჟანგბადის უკმარისობამ, მაღალმა ტენიანობამ შესაძლოა გართულება გამოიწვიოს. მთის კურორტზე დასვენების დროს მომავალი დედა უნდა ერიდოს გადახურებას და გაციებას. დიდხანს სიარული და მძიმე ტვირთის ზიდვა, რასაკვირველია, არ არის სასურველი. ლაშქრობისას თუ დასვენებისას წინასწარ მოიძიეთ სამედიცინო პუნქტი და მის ახლოს დაბინავდით. საქართველოს მთის მდინარეები სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი, მაგრამ წყალში ჩასვლისას გასათვალისწინებელია მისი ტემპერატურა და ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერიდეთ წყალსატევებსა და ტბორებს. ორსულებისთვის განსაკუთრებით კარგია ისეთ კურორტებზე დასვენება, სადაც მრავლად არის მინერალური წყაროები და მარილის მღვიმეები. დანიშნულების ადგილას ჩასვლის დღეს შინიდან გამოსვლამდე ერთი საათი მაინც უნდა დაისვენოთ, რომ ორგანიზმი შეეგუოს ახალ კლიმატურ პირობებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთზე მეტი სასაათო სარტყელი გადაკვეთეთ. ძილ-ღვიძილის რეჟიმის დარღვევისას უპირატესობა მიანიჭეთ ძილს: დაწექით ადრე, ადექით გვიან. აქაც სასურველია, ისეთი ადგილი მოძებნოთ დასაბინავებლად, რომელიც ახლოს არის ქალაქთან ან სამედიცინო დაწესებულებასთან.
თუ აკლიმატიზაცია (ძილის დარღვევა, თავბრუხვევა, ადვილად დაღლა, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა) სამ დღეზე მეტხანს გაგრძელდა, ესე იგი კურორტი თქვენს ორგანიზმს არ უხდება და უმჯობესია, დატოვოთ. დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორებია სუფთა ჰაერი, მზე, სწორი კვება და წყალი. ზღვის ჰაერი მდიდარია უარყოფითად დამუხტული იონებით. ასეთი ჰაერისა და სინათლის აბაზანები დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და მთელ ორგანიზმზე. სხეულზე მზის პირდაპირი სხივების სამკურნალო ზემოქმედება (ჰელიოთერაპია) ააქტიურებს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლას), აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციობას, ზრდის D ვიტამინის გამომუშავებას. ყველაფერთან ერთად, ჰელიოთერაპია ნაყოფის რაქიტის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაცაა. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნოკონფლიქტური დედებისთვის, აგრეთვე – ისეთ რეგიონებში მცხოვრები ორსულებისთვის, სადაც მზე იშვიათია.
მომავალი დედისთვის ერთნაირად მავნეა მზის სხივების უკმარისობაც და სიჭარბეც. ზაფხულის მზესთან სიფრთხილე აუცილებელია – შესაძლოა დაიწვათ ან გადახურდეთ (სითბური დაკვრა მიიღოთ). სამხრეთის ქვეყნების კურორტებზე მზე საკმაოდ აგრესიულია, რაც უფრო მეტად ტვირთავს ორსულის ისედაც გადაღლილ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებს. მზეზე გადახურებისას მოსალოდნელია გულყრაც. სიცხეში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა და პიგმენტური ლაქები, რომლებთან ბრძოლაც ძალიან ძნელია, ამიტომ 11-დან 17 საათამდე ორსულს მზის გულზე ყოფნა ეკრძალება. ცურვა ორსულისთვის ძალიან სასარგებლოა. ის აუმჯობესებს სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა და კუნთოვანი სისტემების მუშაობას. წყალში მოძრაობა ადვილია, რადგან იკარგება საკუთარი წონის შეგრძნება. იონებით გაჯერებული ზღვის წყალი აღწევს ორგანიზმში და გამაჯანსაღებელ-მატონიზებელ ზემოქმედებას ახდენს. ზღვის ტალღების ჰიდრომასაჟი ხელს უწყობს კანქვეშა ქსოვილიდან სითხის სისხლძარღვებში გადასვლას და ამგვარად ხელს უშლის სხეულის შეშუპებას.
ერიდეთ ეგზოტიკურ ქვეყნებს. ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული აფრიკასა და აზიაში მოგზაურობა. ჯერ ერთი, მძიმეა აკლიმატიზაციის პერიოდი, უჩვეულოა საჭმელი და სასმელი. გარდა ამისა, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში დიდია საფრთხე, მძიმე ინფექციური დაავადება შეგხვდეთ. რისკის შესამცირებლად წინასწარ იტარებენ შესაბამის ვაქცინაციას, მაგრამ, მაგალითად, პროფილაქტიკისთვის მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება ორსულობის პირველ სამ თვეს დაუშვებელია. გარდა ამისა, ვაქცინაცია ვერ დაგიცავთ დიარეისგან, რომელიც მოგზაურთა 60%-ს აღენიშნება და ორსულობისას შესაძლოა საკმაოდ საშიშიც იყოს. უმჯობესია, ამ ქვეყნებში მოგზაურობა ლოგინობის ხანის დასრულებამდე გადადოთ. მეან-გინეკოლოგი ნინო ოქროპირიძე