Squid Game-ის ვარსკვლავი ჰოიონ ჯანგი პირველი აღმოსავლეთაზიელი მოდელია, რომელიც Vogue-ის ყდაზე გამოჩნდა

Squid Game-ის ვარსკვლავი ჰოიონ ჯანგი პირველი აღმოსავლეთაზიელი მოდელია, რომელიც Vogue-ის ყდაზე გამოჩნდა

სამხრეთკორეელი მოდელი და მსახიობი ჰოიონ ჯანგი მსოფლიომ ნეტფლიქსის პოპულარულ სერიალში, Squid Game-ში მონაწილეობით გაიცნო, სადაც მოთამაშე 067-ის როლი შეასრულა. ამის შემდეგ, ძალიან მალევე, მას ინსტაგრამზე მილიონობით გამომწერი მოემატა და შედეგად პლატფორმაზე ყველაზე ბევრგამომწერიანი კორეელი მსახიობი გახდა.

ამჯერად, ჯანგის კიდევ ერთი მიღწევა ისტორიულია — ამერიკული Vogue-ის 130-წლიანი არსებობის განმავლობაში მოდელი პირველი სამხრეთკორეელი გახდა, რომელიც ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. მანამდე, 2019 წელს, პრიანკა ჩოპრა იყო პირველი აზიელი ცნობილი ადამიანი, რომელიც ამერიკული Vogue-ის გარეკანზე მოხვდა.

რაც შეეხება ჯანგის წარმატებას, იგი ამ თემაზე და თავის უეცარ გაპოპულარებაზე ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

"ამ გრძნობის გამოსახატავად სიტყვები არ მყოფნის", — აღნიშნავს მსახიობად ქცეული მოდელი, — "არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვერც კი ვჭამდი. დაბნეული და არეული ვიყავი. ამის არც მჯეროდა და ვერც ვენდობოდი".

ჯანგი ასევე აღნიშნავს, რომ მსახიობობა და, განსაკუთრებით, ჰოლივუდში მოხვედრა მისი ოცნება იყო ბავშვობიდან, თუმცა, Squid Game-ში შესრულებულმა როლმა დამოკიდებულება შეუცვალა.

"აუცილებელი არაა, ამერიკული ან ევროპული ფილმი იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ამბავი და მისი სათქმელია", — დასძენს იგი.

აღსანიშნავია, რომ მსახიობის წარმატებული კარიერის დაწყებამდე ჯანგს კარგად იცნობდნენ მოდის მოყვარულები. სამოდელო საქმიანობა მან ადრეული ასაკიდან დაიწყო, კონკურსში კორეის შემდეგი ტოპ მოდელი მეორე ადგილი დაიკავა, ხუთი წლის წინ კი Vogue-ის ვიდეოშიც გამოჩნდა. შარშან ოქტომბერში ჯანგი Louis Vuitton-ის მსოფლიო ელჩიც გახდა.