მოდის სამყაროში განსაკუთრებული სიახლეებია: ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ სახელს იყენებს და Ye (კანიე ვესტი) ტანსაცმლის ბრენდ Gap-ისთვის საერთო პროექტზე მუშაობენ. კოლექცია, სახელად Yeezy Gap Engineered by Balenciaga, სავარაუდოდ, ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი.
"ყველასათვის და ყოველთვის ხელმისაწვდომი შესანიშნავი კოლექციის შესაქმნელად Gap-თან და ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორთან, დემნასთან ერთად მუშაობა ჩემი ხედვის ხორცშესხმაა", — განაცხადა Ye-მ Vogue-სთან ინტერვიუში.
ერთ-ერთი დეტალი, რაც საზოგადოებას ამ პროექტში აღაფრთოვანებს, ბალენსიაგას კოლექციის Gap-ის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობაა.
"ეს განსხვავებული გამოწვევაა. ყოველთვის ვაფასებდი Gap-ის უტილიტარიზმსა და ხელმისაწვდომობას. ეს პროექტი შესაძლებლობას მაძლევს, Ye-სთან ერთად ყველასათვის ხელმისაწვდომი და პრაქტიკული მოდა შევქმნა", — ამბობს დემნა.
აღსანიშნავია, რომ დემნა და Ye დიდი ხანია, მეგობრობენ და თანამშრომლობენ. დემნა ცოტა ხნის წინ Ye-ს ახალი ალბომის, Donda-სთან დაკავშირებულ პროექტზებზე მუშაობდა, თავად Ye კი ბალენსიაგას ერთგული მომხმარებელია. ორივე ხშირად აღნიშნავს, რომ ერთმანეთს კარგად უგებენ.
"ძალიან ცოტა ადამიანს ვიცნობ, ვისაც ჩემი შემოქმედების ასე კარგად ესმის. ის [Ye] მაიძულებს, კომფორტის ზონიდან გამოვიდე და უკეთესი დიზაინერი ვიყო. თანამშრომლობისას არა ჩვენი ეგო, არამედ განვითარებისა და რაღაც დიდებულისა და ახლის შექმნის სურვილი გვამოძრავებს", — ამბობს დემნა Ye-ს შესახებ.