ლუკა გუადანინო ოდრი ჰეპბერნზე ფილმს გადაიღებს, სადაც მთავარ როლს რუნი მარა შეასრულებს

ლუკა გუადანინო ოდრი ჰეპბერნზე ფილმს გადაიღებს, სადაც მთავარ როლს რუნი მარა შეასრულებს

Apple ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობისა და ჰოლივუდის ოქროს ხანის სიმბოლოდ მიჩნეული ოდრი ჰეპბერნის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემები, Deadline და Variety ავრცელებენ.

გამოცემების ცნობით, ჰეპბერნის შესახებ გადაღებული ფილმის რეჟისორი ოსკარის ნომინანტი ლუკა გუადანინო იქნება, მთავარ როლს კი ასევე ოსკარის ნომინანტი მსახიობი, რუნი მარა, შეასრულებს. როგორც ცნობილია, მარა პროექტის პროდიუსერიც იქნება, ხოლო სცენარისტის როლს მაიკლ მიტნიკი მოირგებს. სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ოდრი ჰეპბერნი თითქმის სამი ათწლეულის წინ, 1993 წელს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მონაწილეობით ჰოლივუდში გადაიღეს უკვე კლასიკად ქცეული ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა რომაული არდადეგები, საუზმე ტიფანისთან და ჩემი მშვენიერი ლედი. თავისი ეპოქის მოდის სიმბოლოდ ქცეული ჰეპბერნი აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობასაც.

რაც შეეხება Apple-ის პროექტს, მან ნამდვილად გამორჩეულ სახელებს მოუყარა თავი. გუადანინოს მსოფლიო კინომოყვარულები 2017 წელს გამოსული ოსკაროსანი ფილმით, შენი სახელი დამიძახე, იცნობენ.

რუნი მარას კი ათეულობით ფილმში აქვს როლი შესრულებული. მათგან ყველაზე ცნობილები გოგონა დრაკონის ტატუთი (2011) და კეროლია (2015).

რაც შეეხება მაიკლ მიტნიკს, იგი 2014 წლის დისტოპიური ფილმის, გამღების, ერთ-ერთი სცენარისტია.