საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის მეხუთე წევრად ივანე მახარაძე 81 ხმით აირჩია. ივანე მახარაძე კომუნიკაციების კომისიის წევრის პოზიციას 6 წლის ვადით დაიკავებს.
ივანე მახარაძე 14 წელია კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელია, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. მას კომუნიკაციების კომისიაში გავლილი აქვს ყველა ეტაპი, მუშაობა დაიწყო მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტად, გაიარა წამყვანი და მთავარი სპეციალისტის პოზიციები და 2013 წლიდან დღემდე აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ივანე მახარაძე არის მედიის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) წევრი და ევროპის აუდიო-ვიზუალური ობსერვატორიაში საქართველოს წარმომადგენელი.
ივანე მუშაობდა და მუშაობს ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე 2017–1018 წლებში ის იყო მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის კომიტეტის (Committee of experts on media pluralism and transparency of media ownership – MSI-MED) წევრი.
ივანე მახარაძე პროფესიით იურისტია, 1999-2004 წლებში დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ხოლო 2005-2006 წლებში გახდა ზაარბრიუკენის ევროპის მედია სამართლის მაგისტრი.