კრის ნოთს ორი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

კრის ნოთს ორი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

Sex and The City-ის მსახიობი კრის ნოთი, რომელიც მაყურებლისთვის მისტერ ბიგის როლით არის ცნობილი, ორმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

ქალები ერთმანეთს არ იცნობენ და ცალ-ცალკე დაუკავშირდნენ Hollywood Reporter-ს, როცა ახალი შოუს And Just Like That-ის კადრები იხილეს. ქალები 67 წლის კრის ნოთს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

კრის ნოთმა Hollywood Reporter-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ბრალდებები "კატეგორიულად მცდარია" და ქალებზე თავდასხმა უარყო. "არ აქვს მნიშვნელობა, ეს 30 წლის წინ იყო, თუ 30 დღის წინ, რადგან "არა" ყოველთვის ნიშნავს "არას" და ამ ზღვარს მე არასდროს გადავდივარ. შეხვედრებზე ორივე მხარე ვთანხმდებოდით და არ ვიცი, რატომ ამოტივტივდა ეს ამბავი ახლა, მაგრამ რაც ვიცი, ის არის, რომ ამ ქალებს თავს არ დავსხმივარ", — ამბობს მსახიობი.

ქალები, ფსევდონიმებით ზოი და ლილი, ამბობენ, რომ მსახიობს ახალგაზრდობაში შეხვდნენ. ზოი, რომელიც ჯერ კიდევ გასართობ ინდუსტრიაშია დასაქმებული, ამბობს, რომ ნოთი 2004 წელს გაიცნო, როცა თავად 22 წლის იყო, ხოლო მსახიობი 49 წლის.

კრის ნითმა ზოი, რომელიც ახლა უკვე 40 წლისაა, საკუთარ ბინაში იმ წინადადებით მიიპატიჟა, რომ წიგნის განხილვა სურდა, შემდეგ კი სარკის წინ გააუპატიურა. "ეს ძალიან მტკივნეული იყო და ვუყვირე, რომ გაჩერებულიყო. მსახიობი მაინც არ შეჩერდა და როცა ვთხოვე, რომ პრეზერვატივი მაინც გამოეყენებინა, მან უბრალოდ გაიცინა", — იხსენებს ზოი.

ზოი თავდასხმის შემდეგ სამედიცინო ცენტრში წავიდა, მაგრამ პოლიციისთვის კრის ნოთის სახელი არ უთქვამს. მისი თქმით, ეშინოდა, რომ არავინ დაუჯერებდა და ამ ინციდენტის გამო სამსახურს დაკარგავდა. The Hollywood Reporter სამედიცინო ცენტრს დაუკავშირდა, მაგრამ ზოის ვიზიტის დადასტურება ვერ შეძლო. როგორც აღმოჩნდა, კლინიკა 2004 წელს ჩანაწერებს არ აკეთებდა.

ლილიმ კრის ნოთი 2015 წელს გაიცნო, როცა თავად 25 წლის იყო, ხოლო მსახიობი 60 წლის. ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიმტანად მუშაობდა, როცა კრის ნოთი ამ ადგილს ეწვია. მსახიობმა ლილი თავის სახლში დაპატიჟა, რათა ვისკი დაელიათ და კარიერულ გეგმებზე ესაუბრათ. ქალი HBO-ს შოუს დიდი ფანი იყო, ამიტომ მსახიობის წინადადებას დათანხმდა. ბინაში მისვლის შემდეგ კი სარკის წინ კრის ნოთმა ლილის ორალური სექსი აიძულა.

ორივე ქალმა აღნიშნა, რომ აქამდე ლაპარაკს ვერ ბედავდნენ, მაგრამ And Just Like That-ში მსახიობის დანახვამ ძველი მოგონებები ამოატივტივა. "Sex and the City-ში ისევ რომ დავინახე, ამან ჩემში რაღაც შეცვალა", — ამბობს ზოი. "დიდი ხნის წინ მე ის დავმარხე, ახლა კი დროა, ყველამ გაიგოს ვინც არის", — განაცხადა ლილიმ.

ბრალდებებს ჯერ კიდევ განიხილავენ, ამიტომ კრის ნოთის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა. სავარჯიშო აღჭურვილობის კომპანია Peloton-მა კრის ნოთის მონაწილეობით რეკლამები სოციალურ მედიის არხებიდან უკვე ამოიღო.