ამიერიდან ვარსკვლავებისა და მოდის მოყვარულების ერთ-ერთ ფავორიტ მოდის ბრენდ Vetements-ს დემნა გვასალიას ძმა, გურამ გვასალია უხელმძღვანელებს. როგორც ჩანს, მოდის სამყაროში დემნა ერთადერთი გვასალია აღარ იქნება, რომლის სახელსაც ხშირად გავიგებთ.
Vetements დემნამ და გურამმა 2014 წელს შექმნეს. ბრენდს დემნა გვასალია დიზაინის მიმართულებით ხელმძღვანელობდა, გურამი კი ფინანსურ საკითხებს განაგებდა. 2019 წელს დემნამ ბრენდი დატოვა, რათა მთელი ყურადღება ბალენსიაგასთვის დაეთმო.
ახლა გურამი ბრენდის კრეატიული დირექტორი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდის ფინანსურ და კრეატიულ საკითხებსაც განაგებს. გურამმა ღია წერილში განმარტა, რომ მზადაა, საკუთარი შესაძლებლობები ხელოვნების მიმართულებითაც გვიჩვენოს.
"სიმართლე ისაა, რომ შემოქმედებითობა ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ის ყველას გვაქვს. საზოგადოებისა და იმ ჩარჩოების გამო, რომელიც ბავშვობიდან გვზღუდავს, ზოგიერთს მისი გამოჩენის უბრალოდ ეშინია", — განმარტავს საკუთარ გადაწყვეტილებას გურამ გვასალია.
გურამმა ახალგაზრდა თაობას გამბედაობისა და საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენისაკენ მოუწოდა:
"პირველივე დღიდან Vetements შემოქმედებითი უნარებით შეიქმნა. მინდა დავრწმუნდე, რომ ყველა ახალგაზრდამ იცოდეს ეს: არ გჭირდებათ მდიდარი მშობლები, არ გჭირდებათ ინვესტორი, არაა საჭირო ბოროტი კორპორაციებისთვის სულის მიყიდვა — მიზანს თქვენითაც მიაღწევთ. საკუთარი ცხოვრების შეცვლა შემოქმედებითი ნიჭითა და მისწრაფებებით შესაძლებელია", — ამბობს გურამ გვასალია.