„ოქროს გლობუსის“ 79-ე დაჯილდოების ნომინანტები დასახელდნენ.
კინოპრემიაზე ნომინირებული ფილმების წელსაც ონლაინფორმატში წარადგინეს.
საუკეთესო დრამატული კინოსურათის კატეგორიაში წარდგენილია დენი ვილნევის – „დიუნი“, „ბაფტას“ და „ემის“ ლაურეატი, კენეთ ბრანას ფილმი „ბელფასტი, სიან ჰედერის „კოდა“, სანდენსის ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი, რეინალდო მარკუს გრინის „მეფე რიჩარდი“ და ოქროს პალმის რტოსა“ და „ოსკარის“ ლაურეატ ჯეინ კემპიონის ფილმი „ძაღლის ძალაუფლება“.
დრამატულ ფილმში წლის საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში წარდგენილები არიან ჯესიკა ჩესტეინი, ოლივია კოლმანი, ნიკოლ კიდმანი, კრისტენ სტიუარტი და ლეიდი გაგა.
დრამის ჟანრში წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში იბრძოლებენ მაჰარშალა ალი, ხავიერ ბარდემი, ბენედიქტ კამბერბაჩი, უილ სმიტი და დენზელ ვაშინგტონი.
წლის საუკეთესო მიუზიკლის ან კომედიის ნომინაციაში წარადგინეს სტივენ სპილბერგის „უესტსაიდის ისტორია“, ასევე ბრიტანელი რეჟისორ ჯონ რაიტის „სირანო“, ამერიკელი მწერლისა და რეჟისორის პოლ თომას ანდერსონის „ძირტკბილა პიცა“, ასევე ამერიკელი მომღერლის, მსახიობისა და დრამატურგის ლინ მანუელ მირანდას „ტიკ-ტაკ… ბუმ“ და ოსკარის ლაურეატ ადამ მაკკეის კინოსურათი „არ აიხედო მაღლა“.
მიუზიკლსა ან კომედიაში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში წარადგინეს ფრანგი კინომსახიობი მარიონ კოტიარი, ჯენიფერ ლოურენსი, ალანა ჰაიმი, ემა სთოუნი და რეიჩელ ზეგლერი.
ამავე ჟანრის ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის წარდგენილია ლეონარდო დიკაპრიო, პოტერ დინკლეიჯი, ენდრიუ გარფილდი, კუპერ ჰოფმანი, ენტონი რამოსი.
წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმების ნომინაციაში ოქროს გლობუსზე ნომინირებულია უოლტ დისნეის სამი მულტფილმი „ლუკა“, „ენკანტო“ და „რაია უკანასკნელი დრაკონი“. ასევე დოკუმენტური ანიმაციური ფილმები „გაიქცევა“ და დრამატული მულტფილმი My sunny maad.
წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარადგინეს ფინეთის, გერმანიისა და რუსეთის კოპროდუქცია – ფილმი „კუპე ნომერი 6“, იაპონელი რეჟისორის, ჰიდეტოში ნისიჯიმას ფილმი „მართე ჩემი მანქანა“, იტალიელი პაოლო სორენტინოს „ღმერთის ხელი“, ასღარ ფარჰადის ნამუშევარი „გმირი“ და ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმოდოვარის „პარალელური დედები“.
წლის საუკეთესო დრამატული სერიალის ნომინაციაში წარდგენილია ნეტფლიქსის „კალმარის თამაში“ და ეფლის „დილის შოუ“. ასევე, სერიალი „პოზა“, ეიჩ-ბი-ოუს „მემკვიდრეები“ და ფრანგული ტელესერიალი „ლიუპენი“.
პრემია „ოქროს გლობუსს“ ყოველწლიურად გასცემს ჰოლივუდში აკრედიტებულ უცხოელ ჟურნალისტთა ასოციაცია. ის ოსკარების დაჯილდოების რეპეტიციად ითვლება.
„ოქროს გლობუსების“ დაჯილდოვების ცერემონიალი 9 იანვარს გაიმართება.